„ფადი ასლისნაირ ადამიანებს იყენებენ იმისთვის, რომ საზოგადოების აზრზე გავლენა იქონიონ და შეაჩვიონ იმას, რომ დაკარგული ტერიტორიების გარეშეც მისაღები იყოს საქართველოსა და ქართული სახელმწიფოს არსებობა, რომ დაკარგული ტერიტორიების გარეშეც მისაღები იყოს და გარანტიაც იყოს, რომ ევროპულ ოჯახში შეხვალ. არა, ბატონო! ნურას უკაცრავად! “, - ამის შესახებ გადაცემა „პოსტ ანალიტიკაში“ „ხალხის ძალის“ წევრმა თამთა მეგრელიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საზოგადოება თანხმდება იმაზე, რომ ქართული პოლიტიკური დღის წესრიგისთვის ფადი ასლისნაირი ტიპები არავინ არ არიან და ქართული საზოგადოების უმრავლესობა არჩევანს აკეთებს მშვიდობაზე.
„ქართულ სახელმწიფოს არ სჭირდება ევროპულ ოჯახში გაწევრიანება ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღუდგენლობის ხარჯზე. ჩვენ აუცილებლად გავხდებით ევროპული ოჯახის წევრი, მაგრამ გავხდებით ჩვენი იდენტობით, თვითმყოფადობით, ტრადიციებით, კულტურითა და რწმენით. ჩვენ ამ ფორმით გვჭირდება ევროპული ოჯახი და ევროპულ ოჯახსაც, წესით, ამ ფორმით უნდა ვჭირდებოდეთ, როგორც პატარა, ისტორიული ღირსებით სავსე სახელმწიფო. ამაყი ვარ, როცა ჩვენი პრემიერი გამოდის სიტყვით და ხაზგასმით ამბობს, რომ ისტორიული ღირსება გვაქვს და ევროპული ოჯახის წევრები გავხდებით ღირსებით და არა ცალ ფეხზე დგომით, როგორც ეს „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის ანასხლეტებს წარმოუდგენიათ და როგორც ეოცნებებათ ზოგიერთებს, ყოფილ სახალხო დამცველს და მის მოადგილეს.
საზოგადოება თანხმდება იმაზე, რომ ფადი ასლი არავინ არ არის. ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგისთვის ფადი ასლისნაირი ტიპები არავინ არ არიან. ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგისთვის მთავარია ქართველი ხალხი და ამომრჩეველი, უმრავლესობა, რომელიც ყოველ ჯერზე სწორ არჩევანს აკეთებს. ეს არჩევანი არის - „ქართული ოცნება“, მშვიდობა და „არა ომს“, - განაცხადა თამთა მეგრელიშვილმა.