საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია სამუშაო ვიზიტით ესპანეთის სამეფოში იმყოფებოდა. მინისტრის მოადგილის გიორგი ხაინდრავას ხელმძღვანელობით, დელეგაციის წევრებს ესპანეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ მარია ამპარო გარციამ უმასპინძლა. სამუშაო შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის სამხედრო-ტექნიკურ სფეროში თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო სამომავლო გეგმებსა და თანამშრომლობის იმ პროექტებს, რომელიც საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობების გაზრდას შეუწყობს ხელს.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია მადრიდში გამართულ უმსხვილეს სამხედრო აღჭურვილობის საერთაშორისო გამოფენას ,,FEINDEF – 23’’ დაესწრო, სადაც როგორც სამხედრო, ასევე ორმაგი დანიშნულების აღჭურვილობა იყო წარმოდგენილი.
დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ: თავდაცვის ძალების ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდალი, ბრიგადის გენერალი კახა ტაბატაძე, თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი როლანდ ძნელაძე, შესყიდვების დეპარტამენტის უფროსი ვლადიმერ ღუდუშაური და შპს „დელტა ინტერნეიშენალის“ დირექტორი ზურაბ ჯაველიძე.