„რამდენიმე თვის წინ ოპოზიციამ და მათთან დაკავშირებულმა ადამიანებმა დაიწყეს საუბარი, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში კანდიდატის სტატუსი არ გვინდა, არაფრის მომცემია და ა.შ. აღნიშნულ მოსაზრებას მოსახლეობის პროტესტი და ადეკვატური რეაქცია არ მოჰყოლია, რაც ოპოზიციამ თანხმობად მიიღო, მათ ფადი ასლის საშუალებით ახალი მესიჯის დატესტვა დაიწყეს“, - ამის შესახებ დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელმა დავით ჩიხელიძემ განაცხადა.
დავით ჩიხელიძე ბიზნესმენ ფადი ასლის მიერ დასმულ შეკითხვას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, ფადი ასლიმ იკითხა: „გვინდა გაერთიანება ორ სეპარატისტულ რეგიონთან, როგორც რუსეთის მონა, თუ ვიცხოვროთ დამოუკიდებელ საქართველოში, როგორც ევროკავშირის წევრმა, ამ ორი რეგიონის გარეშე?!“.
ჩიხელიძე ფადი ასლის ავანტიურისტს უწოდებს და ამბობს, რომ ის დღემდე „ნაციონალური მოძრაობის“ გულშემატკივარია:
„როგორც უსამშობლო ფადიმ განაცხადა, გვინდა ერთიანი საქართველოს ხილვა, თუ სანაცვლოდ ევროკავშირზე უარის თქმა მოგვიწევს. აღნიშნული ოპოზიციის ნარატივია, რომ ამ მთავრობის ხელში აფხაზეთის და ოსეთის დაბრუნება არაფრის მომცემია. აფხაზეთის და ოსეთის დაბრუნება საქართველოს უალტერნატივო არჩევანი, თაობების ოცნების საგანია, მასზე მსჯელობის უფლება უსამშობლო, ფადი ასლის არ აქვს! ეს არის ავანტიურისტი ადამიანი, რომელიც დღემდე „ნაციონალური მოძრაობის“ გულშემატკივრად და რუპორად რჩება.
საკითხის ამგვარი ფორმულირება, ცხინვალი და აფხაზეთი თუ ევროკავშირი მავნებლობა საქართველოს მტრობაა. ევროკავშირიც იქნება და საქართველოც გაერთიანდება. აფხაზეთზე და ოსეთზე გამოხტომის შემდეგ ფადი ასლიმ, კიდევ ერთი სტატუსი დაწერა, რომელიც დღეს არ იძებნება. მან „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს იდიოტები უწოდა. დღეის მონაცემებით „ქართულ ოცნებას“ ერთი მილიონი ამომრჩეველი ჰყავს, მხარდამჭერი უფრო მეტი. ფადი ასლიმ ნახევარ საქართველოს იდიოტი უწოდა. ფადი ასლიმ საკუთარი პოზიციის გამო დაუყოვნებლივ ბოდიში უნდა მოიხადოს. ქართველებს არც სტუმარმასპინძლობა გვეშლება და არც შეურაცხყოფისთვის საკადრისი პასუხის გაცემა“, - ამბობს ჩიხელიძე.