logo_geo
eng_logo
ემილი ჰამბერი: გერმანია დაინტერესებულია, საქართველომ ვიზა-ლიბერალიზაცია მიიღოს
- +

3 სექტემბერი. 2016. 12:54



საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ  ბერლინში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალური მინისტრის მოადგილესთან ემილი ჰამბერთან შეხვედრა გამართა.


სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე გერმანულმა მხარემ კმაყოფილებით აღნიშნა ბოლო პერიოდში საქართველოსთან სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის კარგი დინამიკა, მათ შორის, მინისტრის მოადგილემ სანიმუშო უწოდა ქართველ სამართალდამცავებთან თანამშრომლობის პრაქტიკას, რაც მისი განცხადებით ბევრი მიმართულებით, განსაკუთრებით კი ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში წარმატებული გამოდგა.


ემილი ჰაბერმა დადებითად შეაფასა საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევა და რეფორმები, რომელიც ქვეყანამ ევროპული ინტეგრაციის პროცესში განახორციელა, მან აღნიშნა, რომ  გერმანია აფასებს საქართველოს პროგრესს ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესში და დაინტერესებულია, რომ ქვეყანამ მიიღოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი. შეხვედრაზე გერმანულმა მხარემ კიდევ ერთხელ გამოხატა საკუთარი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ.


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა ბოლო პერიოდში გერმანიასთან ურთიერთობის განსაკუთრებულ დინამიკას, რისი გამოხატულებაც არის მაღალი დონის ვიზიტების ინტენსიური გაცვლა, ასევე 2017 წელს საქართველო-გერმანიის მეგობრობის წლად გამოცხადება და ბევრი სხვა აქტივობა, რაც ხაზს უსვამს ორი ქვეყნის მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს. მან მადლობა გადაუხადა გერმანულ მხარეს საქართველოს მხარდაჭერისთვის.


მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ  საქართველო არის ევროკავშირის, ევროპული ოჯახის სანდო პარტნიორი და რეგიონში დემოკრატიული განვითარების საუკეთესო მაგალითი. მან ხაზი გაუსვა ევროპული ინტეგრაციის გზაზე გატარებული რეფორმების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ამ პროცესმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ქვეყანაში ევროპული სტანდარტების დამკვიდრებისა და ინსტიტუტების გაძლიერებაში.


გერმანულ მხარესთან შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას, მინისტრმა ინფორმაცია მიაწოდა გერმანულ მხარეს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევის გახშირებულ ფაქტებზე. ​


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner