„საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამუშაო ვიზიტით იმყოფება კატარის სახელმწიფოში, მონაწილეობას იღებს კატარის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში. ეს ფორუმი არის ტრადიციული, ყოველწლიური, სადაც საქართველო წარმოდგენილია ყოველწლიურად და საქართველოს პრემიერ-მინისტრი უკვე მეორედ იღებს ამ ფორუმში მონაწილეობას“, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა კატარში განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაურის დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფება.
ილია დარჩიაშვილის თქმით, პრემიერი მონაწილეობას მიიღებს პანელურ დისკუსიაში, სადაც ისაუბრებს საქართველოს პოტენციალსა და შესაძლებლობებზე.
„ფორუმი იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას იმისთვის, რომ წარმოჩინდეს ქვეყანა, ის ეკონომიკური პოტენციალი, რომელიც ამა თუ იმ ქვეყანას და რეგიონს აქვს. პრემიერი მონაწილეობას მიიღებს პანელურ დისკუსიაში, სადაც ისაუბრებს ჩვენი ქვეყნის პოტენციალზე, იმ შესაძლებლობებზე, რომელსაც ჩვენი ქვეყან, ჩვენი რეგიონი სთავაზობს და ეს არის კარგი შესაძლებლობა იმისთვის, რომ პარტნიორებთან ვისაუბროთ, თუ როგორ უნდა დავაინტერესოთ ისინი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალით.
პრემიერ-მინისტრი პარალელურად შეხვდა კატარის ემირს, განიხილეს ორ ქვეყანას შორის უკვე არსებული კარგი, მეგობრული ურთიერთობები. დაიგეგმა მომავალში ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება და გაძლიერება. ასევე, გაიცვალა მოსაზრებები, თუ როგორ უნდა გავაძლიეროთ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური, სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობები. დაიგეგმა უკვე კონკრეტული ნაბიჯები იმისთვის, რომ ორი ქვეყნის დელეგაციებმა კიდევ უფრო მჭიდროდ, ახლოს იმუშაონ, რათა ეს შესაძლებლობები რეალობად ვაქციოთ და ორ ქვეყანას შორის გაიზარდოს საინვესტიციო პროექტები,“- განაცხადა ილია დარჩიაშილმა.
მინისტრის თქმით, ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ასევე შეხვდა კატარის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრს.
„ასევე, პრემიერ-მინისტრმა გამართა შეხვედრა კატარის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრთან, ამ შეხვედრაზეც კონკრეტულ ნაბიჯებზე იყო საუბარი, თუ როგორ უნდა მოვახდინოთ ორი ქვეყნის ეკონომიკური, ბიზნეს და საინვესტიციო დაახლოება და ვფიქრობ, ეს შეხვედრები თავის ძალიან მნიშვნელოვან და ღირებულ იმპულსს მოიტანს ამ მიმართულებით. ერთი მხრივ, კიდევ უფრო გაძლიერდება ორ ქვეყანას შორის არსებული პოლიტიკური ურთიერთობები, ხოლო მეორე მხრივ ჩვენი ქვეყანა შესაძლებელია, კიდევ უფრო საინტერესო გახდეს კატარის სახელმწიფოსთვის და სწორედ, ამ მიზანს ემსახურებოდა ეს შეხვედრები. დარწმუნებული ვარ თავის ღირებულ და ხელშესახებ შედეგებს მოიტანს აღნიშნული შეხვედრები,“- განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.