ავტორი ნინი შიშმანიძე
„რეპორტიორი" უხვი ნალექის გამო დატბორილი ბათუმის ქუჩებისა და მთიანი რეგიონების საკითხზე ბათუმის მერს გიორგი ერმაკოვს ესაუბრა. მერის განცხადებით, სარებილიტაციო სამუშაოებს მერია გერმანიის განვითარების ბანკთან ერთად აწარმოებს:
„არის გარკვეული ადგილები, მთიანი ტერიტორიები, რომლებიც ბათუმს შემოუერთდა. მაგალითად, ხელვაჩაურის რაიონის ყოფილი ტერიტორიები, ურეხის ტერიტორია... ჩვენ სისტემატურად ვატარებთ სამუშაოებს აღნიშნულ ტერიტორიაზე. ჭაობის -გიორგი ბრწყინვალის, ბაგრატიონის, ყოფილი შაუმიანის ქუჩების მიმდებარე ტერიტორიებზე სარებილიტაციო სამუშაოებს გერმანიის განვითარების ბანკთან ერთად ვაწარმოებთ. უკანასკნელი მოვლენების დროს მდინარეები ბარცხანა და მეჯინისწყალი ადიდდნენ. ჩვენ ვახორციელებთ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რაც აღნიშული ტერიტორიების რეაბილიტაციას, სანიაღვრე სისტემების მოწყობას გულისხმობს. ნალექის მინიმალური რაოდენობა 33 ერთეულია და როცა ნალექი 155 ერთეულით მოდის, ეს ანომალური მოვლენაა. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სარებილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს",- აცხადებს ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი.