ავტორი ანა ფერაძე
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია გუშინ ირმა ინაშვილის მიერ „ობიექტივის" ეთერში გავრცელებულ გამაუპატიურებლის ვიდეოინტერვიუს გამოეხმაურა. როგორც ბესელიამ „რეპორტიორს" განუცხადა, ადმინისტრაციის მხრიდან პატიმრებზე ძალადობა აღარ ხდება.
„ძალიან კარგად ვიცი, რაც ხდებოდა ქართულ ციხეებში 2012 წლამდე. ნანახი მყავს ციხეებში ნაწამები ძალიან ბევრი ადამიანი.
ხელისუფლებაში „ქართული ოცნების" მოსვლის დროს რადიკალური ცვლილებები მოხდა პენიტენციურ სისტემაში. ჩვენ არ გვაქვს პატიმრის წამების ფაქტი ადმინისტრაციის მხრიდან ამ ოთხი წლის განმავლობაში და ეს არის ყველაზე დიდი მიღწევა.
რეფორმა, რომელიც ჩატარდა ციხეებში ჩვენი ხელისუფლების პერიოდში, ეხებოდა როგორც ინფრასტრუქტურის მოწყობას, ასევე პატიმართა უფლებების გაზრდას, ჯანდაცვის რეფორმას, C ჰეპატიტით დაავადებულთა მკურნალობას ძალიან ძვირადღირებული მედიკამენტებით. ციხეებში ვითარება სრულიად შეიცვალა.
როგორც კომიტეტის თავმჯდომარე, რა თქმა უნდა, ვიღებ პატიმართა წერილებს სხვადასხვა ტიპის პრობლემებზე, მაგრამ ეს ისეთი ტიპის პრობლემებია, რომელიც რადიკალურად განსხვავდება იმ პერიოდისგან, როცა სისტემური დანაშაული ხდებოდა.
დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ქართული ოცნების" ერთ-ერთი წარმატებული რეფორმა სასჯელაღსრულებლის სისტემის რეფორმაა", - განაცხადა ეკა ბესელიამ.