საქართველოს ნაკრებისა და „ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი ესპანეთის ჩემპიონატის 35-ე ტურის საუკეთესო მეკარედ დასახელდა.
ლა ლიგის 35-ე ტურში „ვალენსიამ“ „რეალ მადრიდს“ უმასპინძლა და მეტოქე 1:0 დაამარცხა, რაშიც უდიდესი წვლილი გიორგი მამარდაშვილმა შეიტანა. ქართველმა მეკარემ 5 დარტყმა მოიგერია, მათ შორის ერთი, ფედერიკო ვალვერდეს წინააღმდეგ შესრულებული მოგერიება კი ტურის საუკეთესოდაც დასახელდა.
გიორგი ესპანეთის ჩემპიონატის ტურის საუკეთესო მეკარედ მიმდინარე სეზონში მესამედ, ზედიზედ კი მეორედ დასახელდა. ქართველმა 2022/23 წლების გათამაშებაში კარი 7-ჯერ შეინახა მშრალად, მისი „ვალენსია“ კი 40 ქულით მე-13 პოზიციას იკავებს, რაც დიდწილად ქართველი მეკარის დამსახურებაა.