logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: ჩვენ არ გვაქვს დაცვის არანაირი გარანტიები. გარდა ამისა, ჩვენს ტერიტორიაზე იმყოფება რუსეთის ჯარი, ამიტომ ამ გადმოსახედიდან ვუყურებთ ყველა გადაწყვეტილებას
- +

23 მაისი. 2023. 23:17

 

ზუსტად იმ პოლიტიკას მივყვებით თანმიმდევრულად და კეთილსინდისიერად, რომელიც განვაცხადეთ ჯერ კიდევ შარშან, 25 თებერვალს. ეს პოლიტიკა მდგომარეობს იმაში, რომ საქართველო უზრუნველყოფს და პასუხისმგებლობას იღებს, რომ საქართველოს ტერიტორია არ იქნება გამოყენებული საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლისთვის, - ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა პირველი არხის ეთერში განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, არ ყოფილა არცერთი ფაქტი და დასაბუთებული ეჭვი სანქციებისთვის გვერდის ავლისთვის საქართველოს ტერიტორიის გამოყენებაზე.

„1 200-ზე მეტი ტვირთი იყო, რომელიც შეაჩერა საბაჟო სამსახურმა, რადგან იყო ან სანქცირებული კომპანია, ან ტვირთი იყო ასეთი. როცა საუბარია გვერდის ავლაზე, უპირველეს ყოვლისა, გამომგზავნებს შორის იყვნენ აშშ, ევროკავშირის წევრი ქვეყნები, სხვა ქვეყნები, რომლებიც თავად არიან ამ სანქციების დამწესებლები. ასე რომ, უპირველეს ყოვლისა, ის ქვეყნები, რომლებიც აგზავნიან ამ ტვირთს, ისინი არიან პასუხისმგებლები, საქართველო გამტარია. მიუხედავად ამისა, საქართველოს აქვს იმდენად ძლიერი ინსტიტუტები და ძლიერი კონტროლი, რომ ჩვენ გავაჩერეთ ჩვენს საზღვარზე და არ გავუშვით რუსეთამდე“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველო არ აწესებს ორმხრივ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ და ამას თავისი მიზეზები აქვს.

„აქაც მარტივად არის საკითხი, ნებისმიერი სანქცია გულისხმობს ესკალაციის ნიშანს მეორე ქვეყნისთვის. სანქცია გულისხმობს, რომ ერთი ქვეყანა მეორეს ეუბნება, რომ ის მეორე ქვეყანას ასე ვთქვათ, რაღაცისთვის სჯის, არის გარკვეული სანქცირება. სანქცირება გულისხმობს შესაბამისად ესკალაციაში შესვლას, ხოლო ესკალაცია არის ისეთი სპირალი და ისეთი პროცესი, რომელზეც გავლენა შემდგომ შეიძლება აღარ ჰქონდეს ქვეყანას და რთულია წინასწარი განჭვრეტა, რა შედეგები მოჰყვება ამას. სანქციის დროს არის რისკი კონტრსანქციის, სხვა საპასუხო ზომების, რომლის წინასწარ განჭვრეტა რთულია. აქედან გამომდინარე, ესკალაციაზე წასვლას ერიდება ყველა, მათ შორის ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი ქვეყნები, რომლებიც აწესებენ ამ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. თუ დავაკვირდებით და გავაანალიზებთ, ყოველ ჯერზე ფრთხილად უყურებდნენ ამ საკითხს, ერთი მხრივ, არ შევიდნენ ისეთ ესკალაციაში რუსეთთან, რომელმაც შეიძლება, გამოიწვიოს პირდაპირი სამხედრო დაპირისპირება, ან არ დააწესონ ისეთი სანქცია, რომელმაც შეიძლება, მათ უფრო მეტი ზიანი მიაყენოს, ვიდრე – რუსეთს. ზუსტად ამ მიდგომებით ვხელმძღვანელობთ ჩვენ. განსხვავებით ამ ქვეყნებისგან, ევროკავშირი და ა.შ. ჩვენ არ გვაქვს დაცვის არანაირი გარანტიები, არც ნატო-ს ქოლგა გვიცავს, არც ევროკავშირის რაიმე ბერკეტები გვიცავს, არაფერი არ გვიცავს, ჩვენ ვართ მარტო ამ მხრივ. გარდა ამისა, ჩვენს ტერიტორიაზე იმყოფება რუსეთის ჯარი, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ორი რეგიონი. ამიტომ ამ გადმოსახედიდან ვუყურებთ ჩვენ ყველა გადაწყვეტილებას“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მან ასევე განმარტა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე სხვა ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლასაც ამ პრინციპით უნდა შევხედოთ.

„ერთი მხრივ, არის კანონმდებლობა, რომელიც ამას აწესრიგებს, აქ მთავარია ოკუპაციასთან დაკავშირებული ჩვენი კანონმდებლობა, რომელიც შეზღუდვებს აწესებს. ვისაც დარღვეული აქვს ოკუპაციის შესახებ კანონი, მათ ჩვენ არ ვუშვებთ საქართველოში. ეს არის ჩვენი სანქცია სხვა ქვეყნის მოქალაქეების მიმართ, რომლებსაც სხვათა შორის, სხვა ქვეყნები შეერთებული არ არიან. ამიტომ ჩვენი სანქცია სხვა ქვეყნის მოქალაქეების მიმართ მდგომარეობს ამაში. შესაბამისად, მოქალაქეების ყოველ შემოსვლაზე, ეს გახლავთ მესაზღვრის ინდივიდუალური გადაწყვეტილება, ის ამ კრიტერიუმებით აფასებს, მესაზღვრე პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს არ იღებს. არის ოკუპაციის შესახებ კანონი და შესაბამისი სია შესაძლო დამრღვევებისა, ამ კრიტერიუმებით მესაზღვრე იღებს გადაწყვეტილებას. შესაბამისად, ეს ინდივიდუალური შემთხვევებია, რომლებზეც არის საუბარი, აქ რაიმე დიდ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე საუბარი არ არის“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner