ავტორი ანა ფერაძე
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ვოლსკიმ „რეპორტიორთან" გუშინ ირმა ინაშვილის მიერ გავრცელებულ ვიდეოინტერვიუზე ისაუბრა. როგორც ვოლსკიმ განაცხადა, პატიმრის მიმართ ადამიანური მოპყრობა კანონის წინაშე მოვალეობაა.
„ციხეებში არსებული მდგომარეობა უნდა გამომდინარეობდეს იმ პრინციპიდან, რაც დღეს „ქართულ ოცნებას" გააჩნია და წესით, ყველა მთავრობას უნდა ჰქონდეს.
რაც არ უნდა დამნაშავე იყოს ადამიანი, მის მიმართ ადამიანური მოპყრობა მოვალეობაა კანონისა და ღვთის წინაშე. ეს მთავარი პრინციპია. რასაც „ქართული ოცნება" მიჰყვება.
ისეთი სისტემური დანაშაული, რომელზეც საუბარია, თუნდაც ამ კონკრეტულ თემაზე, ეს არის დანაშაული კაცობრიობის წინაშე, რომელიც აუცილებლად უნდა დაისაჯოს.
რაც შეეხება გავრცელებულ ვიდეოინტერვიუს, ამაზე საგამოძიებო ღონისძიებები აუცილებლად ჩატარდება", - განაცხადა ვოლსკიმ.