„დღეს ამ დისკუსიაში სწორედ ეს არის ყველაზე ამორალური, რომ ხელისუფლება, რომელმაც 2008 წლის შემდეგ არაფერი გააკეთა, რათა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ყოფილიყო, დღეს ხმამაღლა საუბრობს,“ – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.
„საბოლოო ჯამში, საქართველო იყო დასანქცირებული, როგორც რუსეთის მხრიდან, ისე, მათ შორის, სხვა ქვეყნები საქართველოს ამ ომის შემდეგ წლების განმავლობაში იარაღს არ გვაყიდინებდნენ. რეალურად, ჩვენ ვიყავით სანქციების ქვეშ და მხოლოდ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ აღდგა იარაღის შესყიდვის შესაძლებლობა ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ოპონენტები ახდენენ შედარებას დღევანდელ და მაშინდელ ვითარებას შორის, სინამდვილეში კი, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს მოხდა რუსეთის მიმართ ცალმხრივი დათმობები – რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებაში მონაწილეობა, რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმება, მათი ქორწილების ორგანიზება, მასში მონაწილეობა და ა.შ.
„ეს იყო გააზრებული პოლიტიკა, რომელიც მათ ჰქონდათ რუსეთთან ე.წ ურთიერთობების დათბობის თუ დალაგებისა, რამაც ვნახეთ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის შედეგები არ გამოიღო. რაც შეეხება დღევანდელ ვითარებას, აქ ჩვენ ხომ არ გვაქვს რამე ორმხრივი ურთიერთობა? საუბარი არ არის რამე მოლაპარაკებაზე და საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებზე. ფრენებთან დაკავშირებით მარტივად არის საქმე. საქართველოს არცერთ ხელისუფლებას, მათ შორის, წინა ხელისუფლებას, მიუხედავად იმისა, რომ ომი იყო, საქართველოს მხრიდან ფრენები არ შეუწყვეტია და ფრენებისთვის რამე ბარიერი არ ყოფილა შექმნილი. ეს იყო რუსეთის ცალმხრივი გადაწყვეტილება, რომელიც 2019 წელს მიიღო, და ეს ცალმხრივი გადაწყვეტილება მანვე გააუქმა ახლახან. ისევე, როგორც ვიზებთან დაკავშირებით, რუსეთს ცალმხრივად ჰქონდა სავიზო რეჟიმი შემოღებული და ახლა ცალმხრივადვე მიიღო გაუქმების გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, საქართველოს სახელმწიფოს ამაში არანაირი მონაწილეობა არ აქვს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ფრენების შეწყვეტის ერთადერთი საშუალება არის, თუ საქართველო სანქციას დაუწესებს რუსეთს, თუმცა საქართველო არ აწესებს სანქციებს, მაგრამ ის მიერთებულია საერთაშორისო სანქციებს.
„ჩვენ ვსაუბრობთ სანქციებზე, რომელსაც აწესებს ევროკავშირი, აშშ-ის და დიდი ბრიტანეთი. ძირითადად, ეს არის ის საერთაშორისო სანქციები, რომელზეც ვსაუბრობთ. მიუხედავად იმისა, რომ არცერთი ეს ქვეყანა თუ ორგანიზაცია, არც ევროკავშირი, არც აშშ და არც ბრიტანეთი ჩვენ არ გვაძლევს არანაირ სამხედრო თუ ეკონომიკური უსაფრთხოების გარანტიას, უზრუნველყოფთ ამ სანქციების დაცვას საქართველოს ტერიტორიაზე. იმიტომ, რომ ჩვენ ვგრძნობთ ჩვენს პასუხისმგებლობას ჩვენი უკრაინელი დების და ძმების, უკრაინელი ხალხის მიმართ და ვგრძნობთ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას საერთაშორისო უსაფრთხოების კუთხით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, იმ პირობებში, როდესაც არ არსებობს არანაირი გარანტია სამხედრო თუ ეკონომიკური კუთხით, ქართული ოპოზიციის, თუ უცხოური ორგანიზაციების, ან უცხოელი პოლიტიკოსების მხრიდან საქართველოს მიმართ კეთილსინდისიერი მიდგომა არ არის იმის მოთხოვნა, რომ საქართველომ ორმხრივი სანქციები დააწესოს.