გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია კომპანიის „პეპსიკო საქართველო“ მენეჯმენტის წარმომადგენლებს შეხვდა.
ოთარ შამუგიამ სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს ქვეყანაში ინვესტირების ხელსაყრელი გარემოს შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
„ჩვენს ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელების ყველა ხელშემწყობი პირობა არსებობს. სახელმწიფო აქტიურად მუშაობს მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს უზრუნველყოფის მიმართულებით. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მაქვს ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობის მოლოდინი“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, საქართველო საინტერესოა სოფლის მეურნეობის განვითარების პოტენციალის თვალსაზრისით, რაც ეფექტიანი თანამშრომლობის მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს.
აღსანიშნავია, რომ კომპანია „პეპსიკო“ კვებისა და სასმელების სფეროში წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა, რომლებიც მსოფლიოს მასშტაბით 200-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე ესწრებოდა.