„ოპოზიციას დიდი იმედი აქვს, რომ საქართველო დეკემბერში ვერ მიიღებს კანდიდატის სტატუსს და შემდეგ ეს გამოყენებული იქნება საზოგადოებრივი მღელვარებისთვის და მათი მიზნების განსახორციელებლად“, - ამის შესახებ „იმედი LIVE“-ში პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიცია ყველა შესაძლებლობას იყენებს იმისთვის, რომ საქართველო წარმოაჩინოს არა დასავლეთის, არამედ რუსეთის გვერდით.
„სწორედ ამას უკავშირდება ისიც, რომ ყველა შესაძლებლობას იყენებენ რათა საქართველო წარმოაჩინონ არა დასავლეთის, არამედ რუსეთის გვერდით და შექმნან ასეთი ხმაური, მიუხედავად იმისა, თუ რა მდგომარეობაშია საქართველო. ძალიან კარგად აცნობიერებენ, მაგრამ შეგნებულად აკეთებენ ამას. გახსოვთ ალბათ კამპანია - საქართველო, შავი ხვრელი, რომელიც არ გამოუვიდათ, იმიტომ, რომ არ არის საქართველო შავი ხვრელი, არ დადასტურებულა არანაირად და ასე გრძელდება“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
შეკითხვაზე, რომელიც შეეხებოდა მოლოდინებს ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის ზეპირ მოხსენებასთან დაკავშირებით, რომელიც ივნისის ბოლოს იქნება, მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ ძალიან რთულია დღეს ვიწინასწარმეტყველოთ, რა მოცემულობა გვექნება დეკემბერში.
„ჩვენს გარშემო პირობები საკმაოდ სწრაფად იცვლება, ძალიან რთულ ვითარებაში ვართ რეგიონი, მთლიანად ევროპა და როგორი იქნება გადაწყვეტილება, ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. პირველ რიგში, ჩვენ რაც გვაქვს გასაკეთებელი, ვაკეთებთ, რაც ჩვენზეა დამოკიდებული, მაგრამ ისიც კარგად უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელსაც ბევრი კომპონენტი ექნება გარდა იმისა, რომ საქართველომ შეასრულა პირობები, გადადგა ნაბიჯები. თუმცა, რა მოცემულობა იქნება, ამაზე წინასწარ საუბარი რთულია, ვინაიდან საქართველოს ევროპულ მომავალს ჰყავს მოწინააღმდეგეები როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ და ეს მოძრაობა არ შენელდება, პირიქით, გაიზრდება. ჩვენ ეს ვნახეთ შარშან მაისშიც, როდესაც ველოდებოდით კანდიდატის სტატუსს, ძალიან აქტიურად დაიწყო კამპანია, თითქოს საქართველო არ იყო ამისთვის მზად და ეს კამპანიები გრძელდება.
იმედი მაქვს, რომ საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები სათანადოდ შეფასდება და ალბათ ამის ინდიკაციაც იქნება, როდესაც ზეპირი მოხსენება გაკეთდება კომისრის მხრიდან. უნდა დაველოდოთ მთავარ შეფასებებს, რომელიც უკვე შემოდგომაზე გვექნება და იმედი ვიქონიოთ, რომ გეოპოლიტიკური მოცემულობა დეკემბერში საქართველოსთვის სასარგებლო იქნება, კანდიდატის სტატუსით მანიპულირების შესაძლებლობები აღარ ექნებათ ჩვენს ოპონენტებს და უფრო საქმეზე გადავერთვებით, რაც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას უკავშირდება“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.