„პოლარიზაცია ამერიკელების საყვარელი ინსტრუმენტია, რომელიც მათ უცხო ქვეყანაში წყლის ამღვრევის და შემდეგ, თავისივე ამღვრეულ წყალში თევზის დაჭერის საშუალებას აძლევს. საქართველოშიც პოლარიზაცია სწორედ მათი შემოქმედებაა. ეს არის სრულიად ხელოვნური მოვლენა, რომელიც ამერიკელებმა, ძალდატანებითი კოაბიტაციით, 2012 წლიდან მოგვახვიეს თავს. როდესაც დანაშაულებრივ პოლიტიკურ ძალას ხელშეუხებლობის გარანტიებს აძლევ, ბუნებრივია, ამით ქვეყანას პოლარიზაციის ჩაკეტილი წრისთვის წირავ“, - ამის შესახებ ფილოსოფოსი ზაზა შათირაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ასე მოხდა საქართველოშიც, როდესაც ამერიკელები „ნაცმოძრაობას“, ანუ საკუთარ აგენტურას ბოლომდე გადაეფარნენ. 2012 წლიდან მოყოლებული, სწორედ ამერიკელები ასულდგმულებენ ნაციონალებს. ისინი აძლევდნენ ხელშეუხებლობის გარანტიებს კრიმინალ მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში, ამერიკასა და ევროპაში. დღემდე ამერიკული გარანტიებით დასეირნობენ ევროპაში ასევე ორი უმძიმესი კრიმინალი - კეზერაშვილი და ადეიშვილი. ამერიკელები აფინანსებენ ენჯეოებს და შემდეგ, მათ ავალებენ, ნაცმოძრაობის მფარველისა და ე.წ. გარე რესურსის მისია იტვირთონ. რომ არა ამერიკელები, კეზერაშვილ-მერაბიშვილის არაფორმალური მმართველობისა და ხაბეიშვილის ფორმალური თავმჯდომარეობის, ანუ სამი „ინტელექტუალი“ ლიდერის იმედად დარჩენილი „ნაცმოძრაობა“, ბუნებრივია, სრულად განულებული იქნებოდა.
პოლარიზაციასთან ერთად, ამერიკელები ბოლო დროს აქტიურად იყენებენ ისეთ ინსტრუმენტს, როგორიცაა მათივე შექმნილი პოლარიზაციით გადაღლილი საზოგადოებისთვის ახალი, ფსევდოშუაშისტური პოლიტიკური ძალის შეთავაზება. ეს პრაქტიკა ამერიკელებმა რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში უკვე წარმატებით დანერგეს.
აშკარაა, რომ ახალი, ფსევდოშუაშისტური ფრთის ჩამოყალიბებას ამერიკელები დღეს საქართველოშიც ცდილობენ. ამისათვის, მათ პოლიტიკურ აქციებზე სცენაზე აიყვანეს ჯერ ე.წ. ჟურნალისტები, ხოლო შემდეგ ენჯეოშნიკები. პოლიტიკურ სცენაზე გამოჰყავთ ნინო ლომჯარია, რომელსაც ლამის მთელი მსოფლიოს ორდენები დაკიდეს, თუმცა, საზოგადოების თვალში იმიჯი მაინც ვერ გამოუსწორეს. უკანასკნელ აქციებზე სცადეს მარგველაშვილისა და გახარიას გააქტიურებაც, თუმცა, დაინახეს, რომ ისინი ელექტორატის ყველა სეგმენტისთვის მიუღებელნი და უპერსპექტივოები არიან.
ფსევდოშუაშისტური ფრთის ჩამოყალიბების მიზნით, ამერიკელებმა ჯერ სალომე ზურაბიშვილს დააწყებინეს ე.წ. ეროვნული თანხმობის პროცესი, ახლა კი IRI-ის აფინანსებინებენ ღონისძიებებს, სადაც პოლიტიკური სტატუსის არმქონე ადამიანები ქვეყნის განვითარების სტრატეგიაზე მუშაობენ, რისი მიზანიც ფსევდოშუაშისტური პოლიტიკური ძალისთვის ახალი სახეების შერჩევაა. როგორც ჩანს, ფსევდოშუაშისტური ძალის ჩამოყალიბებისას ამერიკელები სალომე ზურაბიშვილზე ფსონს მომავალშიც დადებენ.
იმავე მიზნით, ამერიკელებმა ცოტა ხნის წინ პოლიტიკურ სცენაზე გამოიყვანეს ბიძინა ივანიშვილის ყოფილი ადვოკატი, ვიქტორ ყიფიანი, რომელსაც ალაპარაკებენ, წარსული უნდა დავივიწყოთ და მხოლოდ წინ უნდა ვიყუროთო. ყიფიანს კარგად უნდა ესმოდეს, რომ წარსულის და მით უმეტეს, ნაცმოძრაობის მიერ წარსულში ჩადენილი უმძიმესი დანაშაულების შეფასების გარეშე, წინ სწორად ვერ ივლი და აუცილებლად ფეხი დაგიცდება. თუმცა, მისი ამ მესიჯიდან ცხადად იკითხება ამერიკელების მიზანი, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ნაციონალებისა და ფსევდოშუაშისტების კოალიციური მთავრობა ჩამოაყალიბონ და საქართველოში ახალი აგენტოკრატია დაამყარონ. საბედნიეროდ, ამერიკელები დაგეგმვისას შეცდომას ხშირად უშვებენ ხოლმე და ვიქტორ ყიფიანს ე.წ. ეროვნული თანხმობის პროცესი ბაჩო ახალაიას ყოფილ პირველ მოადგილესთან და ნიკა გვარამიას საყვარელ ექსპერტთან, ნოდარ ხარშილაძესთან ერთად დააწყებინეს, რითაც ყველაფერს თავადვე მოჰფინეს ნათელი.
ფსევდოშუაშისტური ფრთის ჩამოყალიბების მცდელობის გაგრძელებაა მედიაჰოლდინგ „პალიტრას“ კეზერაშვილისთვის მიბარებაც. ფსევდოშუაშისტური ფრთის გაძლიერებას სჭირდება ფსევდოშუაშისტური მედიაპლატფორმა, რისთვისაც „პალიტრა“ საუკეთესო ინსტრუმენტი იყო. თუმცა, კარგია, რომ „ქართული ოცნება“ ჩანაფიქრს მალევე მიხვდა და ახალ „ფორმულად“ ქცეულ „პალიტრას“ დროულად გაემიჯნა.
საზოგადოებას მოვუწოდებ, ყურადღებით დააკვირდეს მოვლენებს და არ აჰყვეს იმ თამაშს, რომლის მიზანიც ფსევდოშუაშისტური პოლიტიკური ძალის მეშვეობით ნაცმოძრაობის ხელისუფლებაში დაბრუნებაა. თუ გვინდა ერთმანეთისგან გავარჩიოთ ჯანსაღი და არაჯანსაღი პოლიტიკური ძალები, პირველ რიგში, მათ მკაფიოდ უნდა მოვთხოვოთ, შეაფასონ „ნაცმოძრაობის“ დანაშაულებრივი წარსული და მას მკვეთრად გაემიჯნონ“, - აღნიშნულია შათირაშვილის განცხადებაში.