„ბოროტები ხართ ყველა, ვინც დღეს ვითომ თემა იპოვეთ ხელისუფლების წინააღმდეგ და ხალხს ატყუებთ, თითქოსდა შეგნებულად გააქრეს ევროკავშირის დროშები პარლამენტის შენობიდან და რუსთაველიდან“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში წერს.
მას მოჰყავს სხვადასხვა ქვეყნის ეროვნული დღესასწაულების ანალოგიები, სადაც მხოლოდ ამ ქვეყნების სახელმწიფო დროშები ფიგურირებს და აღნიშნავს, რომ ვინაიდან წელს 26 მაისის თემატიკა არის „თავისუფლება“, ამიტომაც რუსთაველის გამზირზე საქართველოს სახელმწიფო დროშებია გამოფენილი.
„ეს საფრანგეთის ეროვნული დღესასწაული - ბასტილიის აღების დღეა. აბა, დააკვირდით, სად არის ევროკავშირის დროშები? თუ საფრანგეთი გავიდა ევროკავშირიდან? ასევეა მხოლოდ ეროვნული დროშებით მორთული ესპანეთის, იტალიის და სხვა ევროპული სახელმწიფოების ეროვნული დღესასწაულები. გადახედეთ არქივს.
ბოროტები ხართ ყველა, ვინც დღეს ვითომ თემა იპოვეთ ხელისუფლების წინააღმდეგ და ხალხს ატყუებთ, თითქოსდა შეგნებულად გააქრეს ევროკავშირის დროშები პარლამენტის შენობიდან და რუსთაველიდან. არადა, საჯაროდ ახსნეს, რომ ევროკავშირის დროშები შარშან თემატური იყო, წელს კი სხვა თემაა - სრულიად ეროვნული.
თქვენ ხომ ფრანგებზე და ევროპელებზე მეტად დიდი ევროპელები ხართ? სამარცხვინოა თქვენი ქმედება, სამარცხვინო!
ევროპელობა სწორედ რომ საკუთარი ეროვნულის უპირატესობაა და არა თქვენსავით, საკუთარის ჩაქოლვა და სხვისი აღიარება. თქვენ ევროკავშირში შესვლის შემდეგაც, რაშიც დარწმუნებული ვარ, ასეთივე ხამები დარჩებით.
მე კიდე იმას გავაპროტესტებდი, თუკი ჩვენს ეროვნულ დღესასწაულზე სხვა დროშა იფრიალებდა. შარშან, თემატურ ღონისძიებაზე ეს მისაღები იყო. ევროკავშირის დროშა მუდმივად ფრიალებს პარლამენტის თავზე და ასე იქნება მუდამ.
ვულოცავ ჩემს ქვეყანას და ყველა ღირსეულ ქართველს სახელმწიფო დროშებით აფრიალებულ დამოუკიდებლობის დღეს! უფალმა ინებოს ჩვენი ყველაზე დიდი ოცნების ახდენა - საქართველოს გამთლიანება! აფხაზ და ოს ძმებთან ერთად კვლავ ძველი სიყვარულით თანაცხოვრება! მხოლოდ ამ მიზნის მისაღწევად გვსურს ევროკავშირი და მჯერა, ასეც იქნება! უფალი ფარავდეს საქართველოს!“ - წერს თამარ ჩიბურდანიძე.