აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ბათუმის სამრეწველო ზონაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო. სამრეწველო ზონაში და მიმდებარედ აქტიურად ხორციელდება გზებისა და კომუნალური ინფრასტრუქტურის მოწყობა, რომელთა ჯამური ღირებულება 25 მლნ ლარს შეადგენს. ასევე, სამრეწველო ზონაში 25 საინვესტიციო პროექტი მიმდინარეობს, რომელთა ჯამური ინვესტიცია 38,8 მლნ ლარს შეადგენს.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე პროექტების მიმდინარეობას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან, ჯაბა ფუტკარაძესთან და ბათუმის მერთან არჩილ ჩიქოვანთან ერთად გაეცნო.
აჭარის გზების დეპარტამენტის მიერ ხორციელდება მახოსა და გონიოს ხიდის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის ასფალტბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები, ხოლო მდინარე ჭოროხთან მიმდინარეობს ნაპირსამაგრი სამუშაოები.
საწარმოების ხელშეწყობისა და განვითარების მიზნით, სამრეწველო ზონაში მთავარი და მეორეხარისხოვანი გზები შენდება. სამრეწველო ზონის მიმდებარედ ბათუმის მერიამ წყალარინების მაგისტრალური ქსელის მოწყობა და სატუმბი სადგურების მშენებლობა განახორციელა, რაც ე.წ. ოცნების ქალაქში მცხოვრები მოსახლეობისთვისაა გათვალისწინებული.
მთავრობის წევრებმა სამრეწველო ზონაში კარ-ფანჯრის საწარმო „კარი“ და ლითონის საწარმოს „ეკო სთორი ჯის“ მშენებლობის პროცესი დაათვალიერეს.