დედაქალაქის მერი, საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. კახა კალაძე მილოცვას სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
„დღეს 26 მაისია, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე! დღეს ჩვენი დღეა, თითოეული ჩვენგანის, ვისთვისაც ძვირფასია სამშობლო და თავისუფლება.
თავისუფლების სიყვარული - ეს არის ძალა, რამაც ჩვენს მრავალსაუკუნოვან ერს გააძლებინა, შეაქმნევინა უდიდესი კულტურა, ქედი არ მოახრევინა უმრავი ჭირისა თუ განსაცდელის წინაშე და ჩააყრევინა ქართული სახელმწიფოს მტკიცე ფუნდამენტი.
26 მაისი ჩვენი გმირი ჯარისკაცების დღეა, რომელთა ბრძოლამ და თავგანწირვამ საქართველოს დამოუკიდებლობა მოუტანა.
26 მაისი ჩვენი იმ დებისა და ძმების დღეა, რომლებიც საოკუპაციო ხაზს მიღმა ცხოვრობენ და კარგად იციან, რა მოაქვს ომს და ოკუპაციას.
26 მაისი ჩვენი ევროპული მომავლის დღეა, რომელიც მთელ მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რა გზა გაიარა ამ პატარა და უდიდესი კულტურის მქონე ქვეყანამ; რამდენი იბრძოლა, რამდენი იშრომა თავისუფლებისთვის, საკუთარი იდენტობის შენარჩუნებისთვის, ხვალინდელი ევროპული დღისთვის. გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!“, - წერს კალაძე სოციალურ ქსელში.