logo_geo
eng_logo
ჰენრი კისინჯერი - 100
- +

27 მაისი. 2023. 16:25

 

 

წლევანდელი 27 მაისი ცნობილი ამერიკელი სახელმწიფო მოღვაწისათვის ჰენრი კისინჯერისათვის მნიშვნელოვან თარიღს წარმოადგენს - აშშ-ის ყოფილ სახელმწიფო მდივანს, სხვადასხვა წლებში ქვეყნის სამი პრეზიდენტის ყოფილ მრჩეველს, ლეგენდარულ დიპლომატს და პოლიტოლოგს, ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატს საიუბილეო ასაკი უსრულდება: იგი ასი წლის წინ, 1923 წლის 27 მაისს დაიბადა გერმანიაში, ბავარიის ქალაქ ფიურტში, რელიგიურ ებრაულ ოჯახში. გერმანელი ფაშისტების დევნისაგან თავის დაღწევის მიზნით ოჯახმა, 1938 წელს, აშშ-ში საცხოვრებლად გადასვლა მოახერხა.

 

შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოს ცნობილი ადამიანებიდან - სახელმწიფო მოღვაწეებიდან და განსაკუთრებით დიპლომატებიდან, ჰენრი კისინჯერი ერთ-ერთ, ან სულაც ერთადერთ პიროვნებას წარმოადგენს, რომელმაც საუკუნეს გადააბიჯა: იგი, დაწყებული 1960-იანი წლებიდან, მრავალი საერთაშორისო მოვლენის მოწმეა, ბევრი პრობლემის მოგვარებაში მიუღია მონაწილეობა, ყოველთვის მხარს უჭერდა (და ახლაც უჭერს) პრაგმატული,  რეალური პოლიტიკის გატარებას და დღემდე ინარჩუნებს ენერგიას, აქტიურად არის დაინტერესებული საერთაშორისო ურთიერთობებით, მსოფლიო დიპლომატიით და მრავალ საერთაშორისო დონის ფორუმებში მონაწილეობს, გამოდის ტელევიზიით, მისი სტატიები იბეჭდება პრესაში. და, რა თქმა უნდა, საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ბოლო დღეებში ჰენრი კისინჯერი მრავალ ინტერვიუს აძლევს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს.

 

ჰენრი კისინჯერის საქმიანობისა და პოზიციების შეფასებისას აქვე უნდა ვთქვა, რომ მას იდეური მოწინააღმდეგეებიც ჰყავდა - მაგალითად, ასევე მასავით ცნობილი ყოფილი სახელმწიფო მოღვაწე, დიპლომატი და პოლიტოლოგი ზბიგნევ ბჟეზინსკი,  რომელიც სიკვდილამდე (2017 წლამდე) აქტიურად ეკამათებოდა ჰენრი კისინჯერს.

 

ახლა კი, ჩემი ასეთი "მოკრძალებული" შესავლის შემდეგ, გავეცნოთ, თუ რას წერს ამერიკული პრესა ჰენრი კისინჯერის საუკუნოვან იუბილესთან დაკავშირებით.

 

აშშ-ის გაზეთი „უოლ სთრით ჯორნელი“ (The Wall Street Journal) 27 მაისის ნომერში, აქვეყნებს სპეციალურ სარედაქციო სტატიას სათაურით „ჰენრი კისინჯერის გაფრთხილება 100 წლის ასაკში: სახელმწიფო მოღვაწე წუხს ამერიკული ლიდერობისა და რწმენის გაქრობის გამო“, რომელშიც ყოფილი სახელმწიფო მდივნის ცხოვრება და საქმიანობაა მიმოხილული, ნაჩვენებია მისი პოზიცია აშშ-ის საშინაო და საგარეო პოლიტიკის მიმართ, ასევე თანამედროვე პრობლემებზე.

 

გაზეთში გამოქვეყნებულია აგრეთვე ვრცელი ინტერვიუ ჰენრი კისინჯერთან: იუბილარს ჟურნალისტი ტუმკუ ვარადარაჯანი ესაუბრება სხვადასხვა საკითხებზე - რუსეთ-უკრაინის ომზე, ნატოს გაფართოებაზე, აშშ-რუსეთისა და აშშ-ჩინეთის ურთიერთობაზე და ა.შ.

 

გთავაზობთ პუბლიკაციის მოკლე მიმოხილვას:

 

ჰენრი კისინჯერი თვლის, რომ რუსეთ-უკრაინის ომის მთავარ მიზეზს კიევისათვის ნატოს წევრობის შეთავაზება წარმოადგენს. პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ იგი საკმაოდ „ირონიულ სიტუაციაში“ აღმოჩნდა: იმიტომ, რომ ადრე, როცა იგი უკრაინის ნატოში მიღების წინააღმდეგ გამოდიოდა, უმცირესობაში იყო და ახლაც, როცა მხარს უჭერს კიევის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებისაკენ სწრაფვას, ისევ უმცირესობაშია.

 

„ვფიქრობ, რომ 2008 წელს უკრაინისათვის ნატოში მიღების დაპირება იმ სერიოზულ შეცდომას წარმოადგენდა, რომელმაც, საბოლოო ჯამში, დღევანდელი ომის დაწყებამდე მიგვიყვანა“, - ამბობს ჰენრი კისინჯერი ინტერვიუში, - „ამჟამად კი ვაშინგტონი აბსოლუტურად სწორად მოქმედებს. ამიტომაც მე მხარს ვუჭერ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის პოლიტიკას უკრაინის მიმართ... ჩემი აზრით, დასავლეთმა უკრაინის ომი უკვე მოიგო იმ თვალსაზრისით, რომ თავიდან იქნა აცილებული რუსეთის შეტევა უშუალოდ ევროპის ქვეყნებზე“.

 

გარდა ამისა, აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის თვალსაზრისით, კონფლიქტის კიდევ ერთი მიზეზია რუსული პოლიტიკის ამბივალენტური ხასიათი (ორმაგი დამოკიდებულება) ევროპისადმი. „რუსეთი დიდი ხნის განმავლობაში ახდენდა მნიშვნელოვან გავლენას ევროპაზე, თუმცა თავის ევროპულ პოლიტიკაში ორმაგ მიდგომებს ამჟღავნებდა. რუსეთი რამდენიმე საუკუნის განმავლობაში თავისივე ამბივალენტურობის ტყვე იყო - ევროპას ხან აღტაცებული უყურებდა, საკუთარი არასრულფასოვნების გრძნობით, ხანაც საფრთხეს გრძნობდა ევროპისაგან“, - განმარტავს იუბილარი.

 

ჰენრი კისინჯერის აზრით, უკრაინა დღეისათვის ყველაზე შეიარაღებულ ევროპულ ქვეყანას წარმოადგენს, მაგრამ კიევი ამ ეტაპზე არ უნდა შეეცადოს ყირიმის დაბრუნებას: „თუ კრემლი დაკარგავს სევასტოპოლს, რომელიც ისტორიულად არასოდეს არ ყოფილა უკრაინული, მაშინ ამით საფრთხე შეექმნება თვით რუსეთის მთლიანობას - დაიწყება ცენტრიდანული პროცესები, სახელმწიფოს დაშლა, რომელიც მსოფლიოსათვის უკრაინის ომის შემდეგ ახალი თავსატეხი გახდება, რაც მსოფლიოსათვის სასურველი არ არის“.

 

ჰენრი კისინიჯერი თვლის, რომ პლანეტის წამყვან ქვეყნებს ორიენტირები აერიათ და რიგ შემთხვევაში საერთოდ დაკარგეს. „დღეს ისინი ახალი გარემოებების მიმართ ადაპტაციისა და ტრანსფორმაციის პროცესში იმყოფებიან. აშშ თავის თავს ყოველთვის სამართლიანად და უმწიკვლოდ თვლის და სჯერა, რომ არაეგოისტურ პოლიტიკას ატარებს. ჩვენ, ამერიკელებს, გვჯერა, რომ ჩვენი შეხედულებები წარმატებულია არა იმიტომ, რომ საკუთარ თავს საუკეთესოდ ვთვლით (ინტელექტუალური თვალსაზრისით), არამედ იმიტომ, რომ  უბრალოდ, ჩვენი ხედვა, როგორიც არ უნდა იყოს ის, ყველა შემთხვევაში უნდა დომინირებდეს. ეს, რასაკვირველია, მტკიცე მორალური რწმენის გამოხატულებაა, რომელსაც თან ძალის დემონსტრირებაც ახლავს. აშშ-ის ასეთი წარმოდგენები თავის თავზე სხვა ქვეყნებს არ მოსწონთ, განსაკუთრებით ჩინეთს“, - აცხადებს ასწლოვანი დიპლომატი.

 

 

სიმონ კილაძე

right_banner right_banner
არქივი
right_banner