logo_geo
eng_logo
კობა კობალაძე აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია „TAPS“-ის ღონისძიებას დაესწრო
- +

28 მაისი. 2023. 08:01

 

 

აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, საპატიო სტუმრის სტატუსით, საქართველოს დელეგაციასთან ერთად, საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია „TAPS“-ის („Tragedy Assistance Program for Survivors“ – „ტრაგედიის დახმარების პროგრამა მარჩენალდაკარგულთათვის“) 29-ე ყოველწლიურ საერთაშორისო ღონისძიებას დაესწრო.

 

„დღეს საკმაოდ საინტერესო ღონისძიების საპატიო სტუმრები ვიყავით, „TAPS“-ის დამფუძნებლისა და პრეზიდენტის, ქალბატონ ბონი ქეროლის მოწვევით. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო სტუმრების ფართო სპექტრი, მათ შორის, აშშ-ს გაერთიანებული შტაბის თავმჯდომარე, ქვეყნის უმაღლესი რანგის სამხედრო ოფიცერი, პრეზიდენტის, თავდაცვის მდივნისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს მთავარი სამხედრო მრჩეველი, გენერალი მარკ მილი, რომელმაც სიტყვით გამოსვლის დროს, მადლობა გადაუხადა საქართველოს დელეგაციას, ჩვენს ქვეყანას, მიესალმა საქართველოს ვეტერანებსა და ყველა იმ ადამიანს, ვინც თავისი ქვეყნის თავისუფლებისთვის იბრძოდა და იბრძვის. გუშინ, „TAPS“-თან გავაფორმეთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, ერთად ვიზრუნოთ ჩვენს ვეტერანებსა და დაღუპული სამხედროების ოჯახის წევრებზე. ეს ღონისძიებაც, სწორედ, დაღუპული სამხედროების ოჯახის წევრების მხარდასაჭერად გაიმართა და მას ასობით ადამიანი ესწრებოდა სხვადასხვა ქვეყნებიდან“, - აღნიშნა კობა კობალაძემ.

 

საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია „TAPS“ 1994 წელს, ამერიკელი ვეტერანის, გარდაცვლილი ბრიგადის გენერლის, ტომ ქეროლის მეუღლემ, ბონი ქეროლმა დაღუპულ სამხედროთა ოჯახების მხარდასაჭერად დააარსა. მას შემდეგ, ორგანიზაცია „TAPS“, სხვადასხვა საქველმოქმედო და მხარდამჭერ აქტივობებთან ერთად, ყოველწლიურად მართავს ფართომასშტაბიან ღონისძიებებს, რომელთაც ესწრებიან დაღუპულ სამხედროთა ოჯახის წევრები ამერიკის შეერთებული შტატებიდან და სხვადასხვა ქვეყნებიდან.

 

წელს, „TAPS“-ის 29-ე ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირაკლი ჭანტურიძე, პროტოკოლის განყოფილების უფროსი მარიამ ადამაშვილი, ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი პაატა პატიაშვილი და თავდაცვის ატაშე აშშ-სა და კანადაში, პოლკოვნიკი რობერტ არღვლიანი.

 

5-დღიანი შეკრების განმავლობაში, დაღუპული სამხედროების ოჯახის წევრები, მონაწილეობას მიიღებენ მათ მხარდამჭერ მრავალფეროვან აქტივობებში.

 

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე აშშ-ში სამთავრობო და არასამთავრობო სექტორთან შეხვედრებს კვლავ განაგრძობს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner