logo_geo
eng_logo
გია გვაზავა: საქართველოს მხოლოდ დამოკიდებული დამოუკიდებლობა აქვს მოპოვებული
- +

28 მაისი. 2023. 11:55

 

 

- ბატონო გია, დღეს დამოუკიდებლობის დღეა (ინტერვიუ ჩაწერილია 26 მაისს). ძალიან მოკლე შეკითხვით მინდა დავიწყოთ ჩვენი ინტერვიუ - საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა?

 

- შეიძლება კონტრშეკითხვით გიპასუხოთ? აშშ დამოუკიდებელი ქვეყანაა?! ან რუსეთი?! ან ჩინეთი?! ახლა აგიხსნით, რატომ გიპასუხეთ შეკითხვაზე შეკითხვით... ჩემი აზრით, დამპყრობელიც ისევეა დამოკიდებული დაპყრობილზე, როგორც დაპყრობილი დამპყრობელზე. ჩიტს რომ გალიაში ჩასვამ, მას უნდა მიუტანო წყალი და საკვები, რათა მოისმინო მისი გალობა, ასე რომ, ყველანი ერთმანეთზე ვართ დამოკიდებულნი. რადგან თქვენ უფრო კონკრეტულ პასუხს ელოდებით ჩემგან, ასე გეტყვით:  საქართველოს დამოკიდებული დამოუკიდებლობა აქვს მოპოვებული.

 

- მაინცდამაინც კონკრეტული პასუხი ვერ მივიღე... ამიტომ მეც მეტად დაგიკონკრეტებთ ჩემს შეკითხვასაც და შეკითხვის ადრესატსაც. აშშ-ისა და კოლექტიური დასავლეთის დამოკიდებულება საქართველოსადმი, მათი უმაღლესი პირების მიერ გაკეთებული განცხადებები, მათი ტონი და თითის ქნევა არ გიქმნით შთაბეჭდილებას, რომ ჩვენ დღეს მხოლოდ რუსეთისგან დამოუკიდებლობა გვაქვს მოპოვებული, რადგან დასავლეთი საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფას გამუდმებით ცდილობს?

 

- გეთანხმებით, თუმცა მხოლოდ ნაწილობრივ. მთელი უბედურება ისაა, რომ ახლა ორივე იმპერიაზე ვართ დამოკიდებულები და არა მხოლოდ აშშ-ზე ან მხოლოდ რუსეთზე. რა საქმე აქვს ამერიკის ელჩს, ორ კერძო პირს შორის არსებულ დავას რომ აგვარებს რომელიღაც ავტოფარეხში?! ის ერევა ისეთ საქმეებში, რომლებიც ჩვენი გადასაწყვეტია და არა მისი. ჩვენს წინაპრებს ამისთვის არ უბრძოლიათ! მათ იბრძოლეს იმისთვის, რომ იმდენი დამოუკიდებლობა მაინც გვქონოდა, რამდენი დამოუკიდებლობაც შეიძლება ჰქონდეს პატარა ქვეყანას... არსებობს ასეთი მაგალითები მსოფლიოში - ანდორა, ლიხტენშეინტი, მონაკო - ეს პატარა ევროპული ქვეყნებია, რომლებიც მშვენივრად თანაცხოვრობენ და თანამშრომლობენ დიდ ქვეყნებთან. თუკი მათთვისაა ეს შესაძლებელი, რატომაა შეუძლებელი საქართველოსთვის?! ჩვენგან მუდმივად თავის დახრას რატომ ელოდებიან?! ვფიქრობ, რომ საქართველოს ყველა განცხადება, ყველა ნაბიჯი უნდა იყოს ფრთხილი, მოზომილი და კარგად გაანალიზებული, მაგრამ არასოდეს ლაჩრული! ჩვენი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლა კატარში იყო იმის კარგი და ნათელი გზავნილი მსოფლიოსთვის, რომ ჩვენ არ ვართ ლაჩრები! მომეწონა, როდესაც მან ღიად უთხრა დასავლეთს, რომ 2008 წელს მათ არ დაიჭირეს სწორი პოზიცია და რუსეთის წინააღმდეგ არ აამუშავეს ის ბერკეტები, რომლებიც ამუშავდა უკრაინის ომის შემთხვევაში. 30 წელია ერაყში, ავღანეთში, კენიაში ჩვენი ჯარისკაცები თავს წირავენ მშვიდობისათვის, მაგრამ როცა ჩვენ დაგვჭირდა მხარში დგომა, განზე გადგნენ. რაც პრემიერმა თქვა კატარის ფორუმზე, ყველაფერი ძალიან მომეწონა, გარდა ერთისა... ერთადერთი, რაშიც არ დავეთანხმე, რუსეთთან უვიზო რეჟიმისა და ფრენების აღდგენის შესახებ მისი განცხადება იყო, რომლის მიხედვითაც, ეს ნაბიჯი მან ეკონომიკური თვალსაზრისით გაამართლა. ვერ მივხვდი, კი მაგრამ, შარშან და შარშანწინ არ იყო ჩვენი ეკონომიკისთვის ფრენები საჭირო? შარშან და შარშანწინ თუ ამის გარეშეც ვითარდებოდა ეკონომიკა, მაინცდამაინც ახლა რა საჭირო იყო იმ ქვეყანასთან ფრენების აღდგენა, რომელმაც 2006 წელს ნახირივით გამოგვიყარა ქართველები?!

 

- ბატონო გია, ყოველთვიურად ათამდე რეისი მაინც ხორციელდება, რომლითაც ევროპიდან გამოყრილი ქართველები ბრუნდებიან სამშობლოში და ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ევროპასთან უვიზო რეჟიმსა და პირდაპირ ფრენებზე უარი ვთქვათ?

 

- კი, მაგრამ, ძალიან დამამცირებელი იყო ის ფორმა, რა ფორმითაც გააკეთა ეს რუსეთმა. ცხოველების გადასაყვანი თვითმფრინავით გამოგვიყარა ადამიანები, ცალმხრივად შეეგვიწყვიტა ფრენები, არ მოხსნა სავიზო რეჟიმი აქამდე, როცა ჩვენ მათთვის მოხსნილი გვაქვს უკვე ათ წელზე მეტია და ამ ფონზე, ბატონმა პუტინმა ახლა მინდომა ქართველ ხალხზე ზრუნვა? ჩემთვის ეს აბსოლუტურად დაუჯერებელია!

 

- ანუ, თუ სწორად ვხვდები, თქვენ მათ რიგებში ხართ, ვინც არ მიესალმება არც ფრენების აღდგენას და არც სავიზო რეჟიმის გაუქმებას... ბატონო გია, ფრენები ორ ქვეყანას შორის ხომ ისედაც ხორციელდებოდა, მხოლოდ სხვა ქვეყნის გავლით... ანუ თუ თვითმფრინავის ბორბალი მინსკის, სტამბოლის ან ერევნის მიწას შეეხებოდა და მხოლოდ მას შემდეგ დაჯდებოდა დანიშნულების აეროპორტში, პრობლემას ვერ ხედავდით და, პირდაპირ თუ ჩაფრინდება თბილისიდან მოსკოვში და მოსკოვიდან თბილისში, ეს უკვე პრობლემაა?

 

- პირდაპირი ფრენების აღდგენას ნამდვილად არ ვუყურებ, როგორც დადებით მოვლენას... ეკონომიკურ ნაწილში ფრენების აღდგენა შესაძლოა მომგებიანი ნაბიჯი აღმოჩნდეს, თუმცა მხოლოდ ფისკალური შედეგებით ხომ არ უნდა ვიმსჯელოთ?! ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა დავლოდებოდით, თუ როგორ დასრულდებოდა უკრაინაში მიმდინარე მოვლენები, როგორ წარიმართებოდა ომის შემდგომი პროცესები და ზემოხსენებული გადაწყვეტილებაც, მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მიგვეღო.

 

- რკინიგზის აღდგენის საკითხიც რომ დადგეს, ამასაც ერთმნიშვნელოვნად უარყოფით ჭრილში განიხილავთ?

 

- ვფიქრობ, როგორც პირდაპირი ფრენები, ეკონომიკური თვალსაზრისით რკინიგზის აღდგენაც ერთმნიშვნელოვნად მომგებიანი პროექტი იქნება, თუმცა, არა მგონია, მომგებიანი იყოს პოლიტიკურადაც. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი იქნება, თუ რას იტყვის ამაზე ამერიკის შეერთებული შტატები, რადგან რკინიგზა მარტო სომხეთისკენ ხომ არ წავა, ის წავა ირანისკენაც... ანუ, შეიძლება ასეთ ვითარებაში ერთს, ანუ რუსეთს ვასიამოვნოთ, მაგრამ გავანაწყენოთ მეორე, ანუ აშშ. ეს კი ძალიან რთული დილემა იქნება... დასავლეთის ზეწოლა რომ არ ყოფილიყო, რკინიგზას ისედაც დიდი ხნის წინ აღადგენდნენ.

 

- რადგან ფიქრობთ, რომ აშშ გვიკარნახებს, თუ რა გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ რკინიგზის აღდგენის საკითხთან დაკავშირებით, როგორც ჩანს, ისევ ჩემს მიერ დასმული პირველი შეკითხვით უნდა დავასრულოთ ინტერვიუ - ეს დამოუკიდებლობაა, ბატონო გია?

 

- იცით, არავინ დაგვითმობს ნეიტრალიტეტს, თორემ მე ერთმნიშვნელოვნად დავუჭერდი მხარს, რათა ის შეკითხვა, რაც თქვენ ახლა დასვით, ერთხელ და სამუდამო მოხსნილიყო საქართველოს დღის წესრიგიდან. ჩემი აზრით, ეს იქნებოდა ყველაზე სწორი და უმტკივნეულო გამოსავალი ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. საქართველოს მტრებს აქვთ დაგეგმილი, რომ ამ ქვეყანაში მუდმივად იყოს სტაბილური დესტაბილიზაცია. ამის თავიდან ასაცილებლად კი, ვფიქრობ, რომ ჩვენ დიალოგი უნდა შევძლოთ ყველასთან, კრემლთანაც და თეთრ სახლთანაც. ამ უზარმაზარი ქვეყნების ინტერესები უნდა იქნას გათვალისწინებული, მაგრამ უნდა შევძლოთ ის, რომ მათაც გაითვალისწინონ ჩვენი ინტერესები. ჩვენ უნდა ვიკისროთ დერეფნის როლი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის და მეტად უნდა გამოვიყენოთ საკუთარი გეოგრაფიული პოტენციალი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner