logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: დღეს განსაკუთრებული დღეა საქართველოს პარლამენტისთვის - მშობლიურ მიწას მიებარება საქართველოს პირველი პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალექსანდრე ლომთათიძე
- +

28 მაისი. 2023. 15:44

 

 

„დღეს მართლაც დიდი დღეა ჩვენი ქვეყნისთვის და ასევე, განსაკუთრებული დღეა საქართველოს პარლამენტისთვის. დღეს მშობლიურ მიწას მიებარება  ალექსანდრე ლომთათიძე - პოლიტიკოსი, საზოგადო მოღვაწე და საქართველოს პირველი პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ადამიანი, რომელმაც არ დატოვა ქვეყანა წითელი არმიის პირისპირ, რის გამოც გადაასახლეს და გადასახლებაში გარდაიცვალა“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სამების საკათედრო ტაძარში, სადაც ალექსანდრე ლომთათიძის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა.

 

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, იმ ღვაწლისთვის, რომელიც ალექსანდრე ლომთათიძეს  საქართველოში პარლამენტარიზმის განვითარებაში და დამოუკიდებლობის განმტკიცებაში მიუძღვის, საქართველოს პარლამენტის სახელით ის დაჯილდოვდა თავისუფლების საპარლამენტო ორდენით, რაც პარლამენტისთვის დიდი პატივია.

 

„ხაზგასასმელია, რომ მასთან ერთად პარლამენტმა, ასევე, დააჯილდოვა დამფუძნებელი კრების ხელმძღვანელობა - დამფუძნებელი კრების თავმჯდომარე კარლო ჩხეიძე და მოადგილეები -  ექვთიმე თაყაიშვილი და სვიმონ მდივანი. ეს ის წინაპრები არიან, რომლებმაც ჩვენ შეგვიქმნეს სახელმწიფოს ახალი რესპუბლიკის იდეა, რომელმაც, მართალია, დიდი ხანი ვერ გასტანა, მაგრამ დარჩა ქართველი ხალხის გულში და დამოუკიდებლობის წადილი ყოველთვის ფეთქავდა ჩვენ გულებში, რამაც, საბოლოო ჯამში  მოგვიტანა დამოუკიდებლობის აღდგენა“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, როდესაც 1919 წლის 12 მარტს შეიკრიბა დამფუძნებელი კრება, მის თავმჯდომარედ, დაუსწრებლად, არჩეულ იქნა კარლო ჩხეიძე,  ვინაიდან ის  დიპლომატიური მისიით ევროპაში იმყოფებოდა იმისთვის, რომ მიეღწია საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებისთვის სხვა ქვეყნებისგან.

 

„სწორედ ამის გამო, ალექსანდრე ლომთათიძე თითქმის ორი წელი,  1920 წლის ბოლომდე, კარლო  ჩხეიძის  საქართველოში დაბრუნებამდე, რეალურად ხელმძღვანელობდა დამფუძნებელ კრებას, ხელმძღვანელობდა საქართველოს პირველი კონსტიტუციის პროექტის შედგენას, რამაც, საბოლოო ჯამში, მოგვიტანა კონსტიტუცია, რომელმაც კიდევ უფრო ცოტა ხანი გაძლო, ვიდრე პირველმა რესპუბლიკამ, მაგრამ მოგვიტანა ის ღერძი ღირებულებების, რომელზეც შემდეგ დავაფუძნეთ ჩვენი ახალი უკვე დამოუკიდებელი სახელმწიფო.

 

მინდა, საქართველოს პარლამენტის სახელით, პატივი მივაგო ალექსანდრე ლომთათიძის ხსოვნას. ის დღეს დაიკრძალება  მისი შვილის, გიორგი ლომთათიძის გვერდით, რომელიც ასევე საზოგადო მოღვაწე იყო, ისტორიკოსი, არქეოლოგი და  დიდი ღვაწლი მიუძღვის საქართველოს წინაშე. ალექსანდრე ლომთათიძის ხსოვნა საქართველოს პარლამენტში მუდამ დაისადგურებს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

სამების საკათედრო ტაძარში პანაშვიდი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიომ აღავლინა.

 

სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის, პირველი რესპუბლიკის ნეშტის გადმოსვენების ცერემონიასა და სამოქალაქო პანაშვიდს, ასევე, ესწრებოდნენ: საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრები და  აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელები.

 

ალექსანდრე ლომთათიძე დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner