საქართველოს 20-წლამდელ მორაგბეთა ნაკრებმა საკონტროლო მატჩი ჩაატარა ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ და დაძაბულ ბრძოლაში, ბოლო წუთებზე 36:41 დამარცხდა.
განვლილი მატჩი უმცროსი „ბორჯღალოსნების“ მთავარმა მწვრთნელმა, ლადო კილასონიამ შეაფასა.
„მინდა, ბიჭებს დიდი მადლობა გადავუხადო, ყველა მოთამაშემ მოედანზე სული და გული დადო, მაგრამ ინგლისი ძალიან მაღალი დონის გუნდია, რომელმაც სამჯერ მოიგო 20-წლამდელთა ჩემპიონატი და როდესაც ასეთი დონის მოწინააღმდეგესთან შეცდომას უშვებ, აუცილებლად ისჯები.
გვაქვს გეგმა, რომლის თანახმად აქცენტი კეთდება როგორც გუნდის ჩამოყალიბებაზე, ასევე გამოცდილების მიღებაზე და შეცვლების სიმრავლეც ამითაა განპირობებული. მოთამაშეებზე სათამაშო დრო თანაბრად გადავანაწილეთ და ასეთ პირობებშიც გვქონდა მოგების შანსი. როდესაც გულით თამაშს ცივი გონებით მიღებული გადაწყვეტილებები ახლდა, ყველაფერი კარგად გამოგვდიოდა, მაგრამ 80 წუთის განმავლობაში ამის შენარჩუნება ვერ მოვახერხეთ.
ვიდეოანალიზი და ბიჭების ფიზიკური მდგომარეობა გვაჩვენებს, რა ცვლილებები გვექნება ინგლისთან მეორე მატჩში, რომელიც 1 ივნისს გაიმართება. მთლიანობაში, ინგლისთან ათამდე მორაგბე დაგვაკლდა, მათ ნაწილს უახლოეს პერიოდში ველოდებით, ნაწილი კი პირდაპირ სამხრეთ აფრიკაში შემოგვიერთდება“, – განაცხადა ლადო კილასონიამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები მეორე საკონტროლო შეხვედრას ინგლისელი თანატოლების წინააღმდეგ 1 ივნისს „ავჭალის“ სტადიონზე ჩაატარებს. შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება.