logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი: თუ საქართველოს ხელისუფლების მსგავსად ამერიკის მთავრობის ძალისხმევა მიმართული იქნება ხალხისა და ქვეყნის ინტერესების უზრუნველყოფისკენ, ეს სახელმწიფო დღევანდელ ჩავარდნას წარმატებით გაუმკლავდება
- +

29 მაისი. 2023. 13:11

 

 

„იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ხელისუფლების მსგავსად ამერიკაშიც მთავრობის ძირითადი ძალისხმევა ფოკუსირებული იქნება საკუთარი ხალხისა და ქვეყნის ინტერესების უზრუნველყოფაზე, ვიმედოვნებ, რომ ამ დროებით ჩავარდნას ჩვენი პარტნიორი სახელმწიფო წარმატებით გაუმკლავდება“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით ქართველიშვილმა, სოციალურ ქსელში დაწერა.

 

მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობის საშუალო თვიური შემოსავლები 17.3%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე, ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებში სიღარიბის დონე 12,1%-იდან გაიზარდა 16,6%-მდე, ასევე ღარიბი ბავშვების რაოდენობაც 3,3 მილიონით გაიზარდა. ამ ჩავარდნებს კი ამერიკა იმ შემთხვევაში გამოასწორებს, თუ, საქართველოს ხელისუფლების მსგავსად, ხალხისა და ქვეყნის წინსვლაზე იქნებიან ორიენტირებულნი.

 

„კლასიკური დასაწყისით დავიწყებ: თქვენთვის ორი ახალი ამბავი მაქვს: კარგი და ცუდი. რომლით დავიწყო? მოდით, კარგით: ბოლო ორ წელიწადში საქართველოში სიღარიბისა და შემოსავლების უთანასწორობის მაჩვენებლების კუთხით მნიშვნელოვანი გაუმჯობესება ფიქსირდება. გასულ წელს შემცირდა სიღარიბის დონე და თავის ისტორიულ მინიმუმს - 15.6%-ს მიაღწია.

 

აღნიშნული მონაცემების წყარო „საქართველოს სტატისტიკის სამსახურია“. მისივე ინფორმაციით, 2022 წელს საქართველოს მოსახლეობის საშუალო თვიური შემოსავლები (ფულადი და არაფულადი სახსრების) 17.3%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე.

 

დიახ, ცუდი ამბავიც დამრჩა მოსაყოლი. ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს მიერ 2023 წლის მარტის ოფიციალურო ანგარიშით, ანალოგიურ პერიოდში ამერიკის შეერთებულ შტატებში სიღარიბის დონე 12,1%-იდან (2021 წლის დეკემბერში) გაიზარდა 16,6%-მდე (2022 წლის მაისში).

 

აშშ-ში ღარიბი ბავშვების რაოდენობის საერთო რიცხვი 3,3 მილიონით გაიზარდა, ხოლო 2018 წლიდან დღემდე ბავშვთა შრომის სფეროში დარღვევები თითქმის 70%-ით გაიზარდა. 2022 ფისკალურ წელს სხვადასხვა სახიფათო სამუშაოზე არასრულწლოვანთა გამოყენების ფაქტები კი გაიზარდა 26%-ით.

 

იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ხელისუფლების მსგავსად ამერიკაშიც მთავრობის ძირითადი ძალისხმევა მიმართული იქნება საკუთარი ხალხისა და ქვეყნის ინტერესების უზრუნველყოფისკენ, ვიმედოვნებ, რომ ამ დროებით ჩავარდნას ჩვენი პარტნიორი სახელმწიფო წარმატებით გაუმკლავდება,“ - წერს დავით ქართველიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner