„ტურისტული სეზონი გვიახლოვდება! გასული წლის მსგავსად, ბათუმი წელსაც დატვირთულ სეზონს ელოდება. აჭარის მთავრობის ჩართულობით, რამდენიმე თვის წინ დავიწყეთ მზადება ტურისტული სეზონისთვის. ბათუმის ყოველდღიური ცხოვრება მჭიდროდ არის დაკავშირებული ტურიზმთან. ამიტომ, ტურისტულმა ინფრასტრუქტურამ, პირველ რიგში, ბათუმის მოსახლეობა უნდა დააკმაყოფილოს. მუნიციპალური სამსახურების კოორდინირებული მუშაობითა და ჩართულობით, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ შევქმნათ შესაბამისი პირობები ვიზიტორების მოსაზიდად“, - ამის შესახებ ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა განაცხადა..
„აღსანიშნავია, რომ წელს ბათუმში საინტერესო ფესტივალები და კულტურული ღონისძიებები არის დაგეგმილი, რაც, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს მეტი ვიზიტორის მოზიდვას. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ბათუმი 2023 წელს საერთაშორისო სპორტული, ტურისტული და კულტურული ღონისძიებების ცენტრად იქცევა.
ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით ბათუმის ბოტანიკურ ბაღში სამუშაო შეხვედრა გავმართეთ, რომელზეც ზაფხულის სეზონის სამზადისთან დაკავშირებულ საორგანიზაციო საკითხებზე ვიმსჯელეთ. მუნიციპალური სამსახურები საგანგებო რეჟიმში იმუშავებენ. ბოტანიკურ ბაღში აქტიურად ხორციელდება სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი. ეწყობა ახალი სივრცეები. განახლდა და დაემატა 8 ერთეული ახალი ტექნიკა, ხოლო აგვისტოს თვეში კიდევ 3 ახალი ელექტრომობილის შეძენა განხორციელდება. აღსანიშნავია, რომ სრულად განახლებულია ბათუმის მუნიციპალური ავტობუსების პარკი თანამედროვე სტანდარტის, ადაპტირებული ავტობუსებით. ტურისტული სეზონისთვის მზადება ასევე აქტიურად მიმდინარეობს ბათუმის დელფინარიუმშიც“, - განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.