„თავისი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე სალომე ზურაბიშვილმა უნდა მოამზადოს რაღაც ახალი პოლიტიკური ველი, რომელიც არ იქნება გაიგივებული არც მიხეილს სააკაშვილთან, არც ვანო მერაბიშვილთან, ან ლევან ხაბეიშვილთან, რომლებმაც უკვე აბსოლუტურად ამოწურეს თავისი რესურსი“, - ამის შესახებ გადაცემაში „პოლიტიკური პოსტი“ „ხალხის ძალის“ წევრმა, ანალიტიკოსმა დავით ქართველიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, როდესაც გლობალური ომის პარტიის წარმომადგენლებმა დაინახეს, რომ საქართველოში მათმა დასაყრდენმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა ყველა ბრძოლა წააგეს და ამ დროს ასპარეზზე სალომე ზურაბიშვილი გამოჩნდა, სწორედ მასზე დაიდო ფსონი.
„რა მეტამორფოზა მოხდა პრეზიდენტ ზურაბიშვილის ამ პერიოდში? (2018 წლიდან დაწყებული დღემდე). აგენტოკრატებმა, რომლებსაც გლობალურ ომის პარტიის წარმომადგენლებს ვუწოდებთ, დაინახეს, რომ საქართველოში იმ საყრდენმა სამუშაო ჯგუფებმა (რომლებსაც მათთვის სასარგებლო ცვლილებები უნდა განეხორციელებინათ ქვეყანაში ყველა ფრონტზე), ყველა ბრძოლა წააგეს აბსოლუტურად - ეს იქნებოდა კონსტიტუციური ფრონტი თავისი არჩევნებით, პოლიტიკური ცხოვრების გაჯანსაღება, პროგრამული ჭიდილი „ქართულ ოცნებასთან", რომელშიც საღი აზრი და უფრო სიმპათიური ეკონომიკური პროგრამა გაიმარჯვებდა.
დაინახეს, რომ აი ამ ყველაფერმა „ჩაილურის წყალი დალია“ და მთავარი ოპოზიციის ძალის თავში მივიღეთ ლევან ხაბეიშვილი (მათ მიიღეს, ჩვენ რა...) ე.ი. აგენტოკრატებმაც დაინახეს, რომ საყრდენი ამ ქვეყანაში არ ჰყავთ. ამ დროს გამოჩნდა ასპარეზზე ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი და ჩააბარეს ორი ძირითადი მიმართულება (ჩემი აზრით). ეს მიმართულება ჩააბარეს ზუსტად იმ დროს, როდესაც 20-21 წლის არჩევნები დასრულდა. დაახლოებით 2022 წლის გაზაფხულიდან ჩვენ ვხვდებით სულ სხვა სალომე ზურაბიშვილს - აგრესიულს, მიზანმიმართულს კონკრეტული დავალების შესრულებისაკენ. მე ვხედავ ამ დავალების ერთ-ერთ მხარეს რაში? თავისი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე მან უნდა მოამზადოს რაღაც ახალი პოლიტიკური ველი, რომელიც არ იქნება გაიგივებული არც მიხეილს სააკაშვილთან, არც ვანო მერაბიშვილთან, ან ლევან ხაბეიშვილთან, რომლებმაც უკვე აბსოლუტურად ამოწურეს თავისი რესურსი.
აგენტოკრატები ცდილობენ დაინახონ აი ამ ე.წ. პროდასავლურ ფრონტზე ის ძალები, რომლებიც თითქოს უფრო მეტ სიჯანსაღეს მოუტანენ ოპოზიციურ სპექტრს, რომელიც საქართველოში დაიშალა და აღარ არსებობს. იმისთვის რომ პარიზიდან, ბრიუსელიდან თუ ვაშინგტონიდან ჩამოსული დავალებები იქნას უფრო ეფექტურად შესრულებული და პლუს ამ პოლიტიკურ ჯგუფს არ ჰქონდეს პირდაპირი წარსული იმ ძალებთან, რომლებიც ცალსახად ჯალათები იყვნენ, არანორმალური და არადემოკრატიულ რეჟიმს წარმოადგენდნენ 9 წლის განმავლობაში ხელისუფლებაში და 10 წლის განმავლობაში ე.წ. ოპოზიციაში. ამიტომ, ცდილობს ეს ქალბატონი [სალომე ზურაბიშვილი] მოისხას მათი ლიდერის მანტია, მაგრამ, არა მგონია ამ ჯგუფის ჩამოყალიბების სათავეში ჩადგეს. ეს ქვეყანა (როგორც, ჩვენ ყველანი ვხედავთ) მისთვის საინტერესო არაა.
ეს ქვეყანა არის მისთვის უცხო. მას არ ესმის ეს ქვეყანა, ამიტომ არასოდეს უთქვამს - ჩემს ქვეყანაში, ჩემს საქართველოში, ჩემს სამშობლოში... სულ ამბობს - ეს ქვეყანა, ეს საქართველო და ა.შ... ანუ, მისთვის ეს უცხო გარემოა. ამიტომ დაველოდოთ, ის ალბათ რაღაცას მისცემს ბიძგს, დასავლეთიდან დანაპირებს, გაუშვებს ზღვაში თავისუფალ ცურვაში, მაგრამ ამავდროულად რამდენად კარგად შეასრულებს აი ამ შიდა პოლიტიკურ დავალებებს (იქიდან), ალბათ ამაზე იქნება დამოკიდებული მისი შემდგომი კარიერა იგივე ევროკავშირის „თეატრში“, - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.