სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გენდერის ნიშნით ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის და წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე ბრალდებულს, უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ინფორმაციას ამის თაობაზე საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2022 წლის 4 სექტემბერს, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოდბეში, საცხოვრებელ სახლში, ბრალდებულმა მეუღლეს სანადირო თოფით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. დაზარალებული, მიყენებული ჭრილობების შედეგად 2022 წლის 23 ნოემბერს გარდაიცვალა. ასევე გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა თავის არასრულწლოვან შვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
„პროკურატურამ დანაშაულის ჩამდენ პირს ბრალდება დამამძიმებელ გარემოებებში, შეუწყნარებლობის მოტივით, გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობისა და წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის ფაქტებზე წარუდგინა.
2023 წლის 29 მაისს, სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „თ“ და „კ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, გენდერის ნიშნით, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) და 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა) და სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.