logo_geo
eng_logo
„Accademia Belcanto“-ს მეორე საერთაშორისო მუსიკალური კონკურსი ავსტრიაში გაიმართება
- +

3 სექტემბერი. 2016. 20:33


 

4-10 სექტემბერს, ავსტრიის ქალაქ გრაცში გაიმართება საოპერო ხელოვნების აკადემიის (Accademia Belcanto) მეორე საერთაშორისო მუსიკალური კონკურსი; კონკურსის ხელმძღვანელია „Accademia Belcanto"-ს პრეზიდენტი, ავსტრიაში მცხოვრები ქართველი ნათელა ნიკოლი (ნატო ჭყონია).


წლევანდელ მუსიკალურ კონკურსში ავსტრიელ და უცხოელ დამწყებ ოპერის მომღერლებთან ერთად, ქართველი  შემსრულებლებიც მიიღებენ მონაწილეობას. საერთაშორისო მუსიკალური კონკურსის ჟიურის წევრები არიან ტერეზა ბერგანცა (მეცოსოპრანო); ჯაკომო არაგალი (ტენორი); ეთერი ლამორისი-ჭყონია (სოპრანო); ნონა ლომიძე (მუსიკათმცოდნე) და სხვები.


პირველ ადგილზე გასული კონკურსანტი მიიღებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ დაწესებულ, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ჯილდოს 5.000 ევროს ოდენობით. საერთაშორისო მუსიკალური კონკურსის ორგანიზებისთვის და სხვა პრიზებისთვის თანხა „Accademia Belcanto"-მ, შტაიერმარკის   მიწის   მთავრობამ   და   გაერთიანებამ  „გრაცის ოპერის მეგობრები" გაიღეს.


ფესტივალის გამარჯვებულები 8 სექტემბერს, ფინალურ კონცერტზე გამოვლინდებიან; 9 სექტემბერს კი, გრაცში მდებარე ეგენბერგის სასახლეში გაიმართება საქველმოქმედო კონცერტი, რომელზეც „Accademia Belcanto"-სთან ერთად, სტუმრებს ავსტრიის რესპუბლიკის შტაიერმარკის ფედერალური მიწის მთავრობა უმასპინძლებს.  


საქველმოქმედო კონცერტიდან შემოსული თანხა გადაეცემა კაინბახში მდებარე სარეაბილიტაციო ცენტრს (Johannes von Gott-Pflegezentrum   der   Barmherzigen   Brüder   in   Kainbach). საქველმოქმედო კონცერტის მსვლელობისას, შედგება კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიაც.


საოპერო ხელოვნების აკადემია („Accademia Belcanto") ნათელა ნიკოლმა   2012   წელს   დააარსა   და  მას  თვითონვე   ხელმძღვანელობს.  „Accademia Belcanto"-ს დაარსება ნაწილობრივ დააფინანსა შტაიერმარკის ფედერალური მიწის მთავრობამ, ნაწილობრივ კი თავად ქალბატონმა ნიკოლმა. აკადემიის მიზანია, ინტენსიური საზაფხულო კურსების ფარგლებში, საოპერო მომღერლები სცენისთვის მოამზადოს.  პირველი  კურსი  „Accademia Belcanto -ს  ეგიდით  2012  წელს  ჩატარდა.


კონკურსზე პირველი სამი პრიზი ქართველმა საოპერო მომღერლებმა მოიპოვეს. „Accademia Belcanto"-ს ეგიდით გამართულ კონკურსებსა და ფესტივალებში მუდმივად მონაწილეობენ ქართველი ახალგაზრდები. ნათელა ნიკოლი ქართველ სტუდენტებს სწავლასაც უფინანსებს.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner