logo_geo
eng_logo
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი–საქართველოს შორის თანამშრომლობა გრძელდება
- +

30 მაისი. 2023. 20:43

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით, გრძელდება სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობა, რომლის ფარგლებშიც 2023 წლიდან სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი – საქართველო 90 სტუდენტს მიიღებს სამ ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამაზე: კომპიუტერული მეცნიერება, კომპიუტერული ინჟინერია და სამოქალაქო ინჟინერია.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, პროგრამების განხორციელების პროექტის ღირებულება 5 მილიონ დოლარს შეადგენს და ის სრულად ფინანსდება საქართველოს მთავრობისა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ. აღნიშნული პროგრამები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან პარტნიორობით განხორციელდება.

თანამშრომლობის მემორანდუმი სამინისტროსა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ღონისძიების ფარგლებში გაფორმდა. დოკუმენტს ხელი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პრეზიდენტმა ადელა დე ლა ტორემ მოაწერეს.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა ადელა დე ლა ტორეს და სან დიეგოს უნივერსიტეტის აკადემიურ დელეგაციას მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისა და არაერთი ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტის განხორციელებისთვის. მისი თქმით, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან ის უდიდეს როლს ასრულებს საქართველოს უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის საქმეში.

მემორანდუმის გაფორმების შემდგომ, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი – საქართველოს ორგანიზებით, 2023 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ცერემონია გაიმართა.

ღონისძიებაზე გიორგი ამილახვარმა და ადელა დე ლა ტორემ კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულება მიულოცეს, მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვეს და საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ამერიკული საბაკალავრო დიპლომები გადასცეს.

2023 წელს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროგრამები 100-ზე მეტმა სტუდენტმა დაამთავრა, რომლებიც, ქვეყნის მდგრადი განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობის მიერ სხვადასხვა სფეროში ინიცირებული პროექტების განხორციელებაში აქტიურად ჩაერთვებიან.

ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთ წამყვან, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს შორის პარტნიორობას 2015 წელს ჩაეყარა საფუძველი.

right_banner right_banner
არქივი
right_banner