logo_geo
eng_logo
გივი მიქანაძე: ისრაელის სახელმწიფო არის საქართველოს გულითადი მეგობარი და საიმედო პარტნიორი
- +

31 მაისი. 2023. 11:36

 

 

 

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, ისრაელის სახელმწიფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, გივი მიქანაძემ, მონაწილეობა მიიღო ისრაელის სახელმწიფოს დამოუკიდებლობის გამოცხადების 75-ე წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაში.

 

„საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს განსაკუთრებულად მჭიდრო ურთიერთობა აკავშირებთ, რომელიც ქართველ და ებრაელ ხალხს შორის მრავალსაუკუნოვან ისტორიას ითვლის  და არაერთ მნიშვნელოვან სფეროს მოიცავს. ისრაელის სახელმწიფო არის საქართველოს გულითადი მეგობარი და საიმედო პარტნიორი“, - განაცხადა გივი მიქანაძემ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

 

მისი თქმით, საქართველო და ისრაელი აქტიურად თანამშრომლობენ ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში. განსაკუთრებით აღსანიშნავია მაღალ ნიშნულზე ასული საპარლამენტო დიპლომატია და  საკანონმდებლო ორგანოებში ჩამოყალიბებული მეგობრობის ჯგუფების საქმიანობა. ასევე, ორ ქვეყანას შორის პოლიტიკის, სავაჭრო კავშირების, ტურიზმის და კულტურის სფეროში მზარდი თანამშრომლობა.

 

„მადლიერი ვართ ისრაელის სახელმწიფოს მიერ საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი საკითხების, მათ შორის, უპირველეს ყოვლისა, ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.

 

დეპუტატმა ყურადღება გაამახვილა ჰოლოკოსტის შესახებ ცნობიერების ამაღლების საკითხზე და აღნიშნა, რომ საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებების სასწავლო გეგმები აღნიშნული თემატიკით მაქსიმალურად არის დატვირთული. განიხილება არჩევითი კურსის - „Holocaust Studies” მომზადება საშუალო საფეხურისთვის. მისივე თქმით, ებრაული ენის დაცვის და პოპულარიზაციის მიზნით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო კურსი მიმდინარეობს.

 

„ჩვენ ვგმობთ ებრაელი ხალხის მიმართ მე-2 მსოფლიო ომის დროს ჩადენილ კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს, რომელსაც 6 მილიონი ებრაელის სიცოცხლე შეეწირა. საერთაშორისო სამართლებრივ კონტექსტში საქართველო სრულად იზიარებს ჰოლოკოსტთან დაკავშირებულ პოზიციებს“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

 

ღონისძიებას პარლამენტის წევრები, აღმასრულებელი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსისა და ებრაული თემის წარმომდგენლები ესწრებოდნენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner