logo_geo
eng_logo
გიორგი მარგველაშვილი: მიეცით შესაძლებლობა ქართულ პოლიტიკურ ჯგუფებს, იყვენენ თქვენს სამსახურში!
- +

3 სექტემბერი. 2016. 20:38



საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა  „შენი ხმა ჩვენი მომავალია" კამპანიის ფარგლებში  ახალგაზრდებთან რეგიონებში შეხვედრები დღეს დაასრულა.

გიორგი მარგველაშვილი სიღნაღის საზაფხულო სკოლას ეწვია და ახალგაზრდებს  პროექტში აქტიურად ჩართვისთვის და  მთელი საქართველოს მასშტაბით ამომრჩევლების გააქტიურებისთვის, მადლობა გადაუხადა.  პრეზიდენტმა  პოლიტიკოსებს და საზოგადოებას  აქტიურობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა:


„თქვენ რეალურად შეცვალეთ გარემო და მიეცით საზოგადოებას ძალიან დიდი პოზიტიური იმპულსი. მთელი საქართველოს მასშტაბით, არაერთ ქალაქში, არაერთ ადამიანთან შეხვედრის დროს,  ასობით  და ათასობით  ადამიანს   დაანახეთ, თუ  რა მნიშვნელოვანი პოლიტიკური დღის წესრიგის წინაშე ვდგავართ და რა როლი გააჩნია თითოეულ ამომრჩეველს ამ  უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ პროცესში.

მიუხედავად იმისა, რომ არცერთი პოლიტიკური ლიდერის სახელით არ ხვდებოდით ამომრჩევლებს, არავისთვის არ სთხოვდით ხმის მიცემას, პოზიტიური გარემო შეუქმენით პოლიტიკურ დისკუსიას.

მიეცით შესაძლებლობა პოლიტიკოსებს, უფრო აქტიურად აწარმოონ საარჩევნო კამპანია და უფრო აქტიურად ჩაერთონ ქვეყნის სამსახურში", - განაცხადა მარგველაშვილმა.


სახელმწიფოს მეთაური მიმართავს საზოგადოებას და მოუწოდებს, აქტიური დიალოგი აწარმოონ პოლიტიკურ ლიდერებთან.


„მივმართავ საზოგადოებას, გააგრძელეთ პოზიტიური ემოცია - ესაუბრეთ პოლიტიკოსებს,  ესაუბრეთ  გულწრფელად და საქმიანად. ეს კონტაქტი,  პოლიტიკოსებთან მუშაობა, მისცემს შესაძლებლობას ჩვენს დემოკრატიას, იყოს რეალურად დაფუძნებული იმაზე, რასაც ჰქვია ხალხის მმართველობა, ის, რაც კონსტიტუციაში წერია, რომ საქართველოში ხელისუფლების წყარო არის ხალხი.

 

მინდა, ვთხოვო საზოგადოებას, რაც არ უნდა იმედგაცრუებული იყოთ, იურთიერთეთ პოლიტიკოსებთან, ესაუბრეთ მათ, შედით პირადად კოტაქტში, წერილები მისწერეთ პოლიტიკოსებს. მიეცით შესაძლებლობა ქართულ პოლიტიკურ ჯგუფებს, იყვენენ თქვენს სამსახურში. იყავით მათთან ძალიან გახსნილები და გულწრფელები. ამ თხოვნით მინდა მივმართო ჩვენს საზოგადოებას და ჩვენს ამომრჩეველს", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.


გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ პროექტის დასრულების შემდეგაც, მნიშვნელოვანია, ახალგაზრდებმა განაგრძონ დისკუსიები და მსჯელობა როგორც სამეგობროში, ასევე სამეზობლოში, რათა მნიშვნელოვანი მიზნისთვის ბრძოლამ შედეგი გამოიღოს, რომ საქართველო იყოს დემოკრატიული სახელმწიფო.


შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. „შენი ხმა ჩვენი მომავალია" პროექტის ფარგლებში მოწყობილი ახალგაზრდული საზაფხულო სკოლების მონაწილეები, საარჩევნო პროცესისადმი მოსახლეობის იმედგაცრუების დაძლევის გზებით, განათლების სისტემაში არსებული გამოწვევებითა და ახალგაზრდებთან მიმართებაში პრეზიდენტის მოსაზრებებით დაინტერესდნენ.


პროექტი „შენი ხმა ჩვენი მომავლია" საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება და მიზნად არჩევნებში მონაწილეობისადმი საქართველოს მოსახლეობის  ინტერესის გაზრდას ითვალისწინებს.


„შენი ხმა ჩვენი მომავალია" კამპანიის ფარგლებში, რეგიონებში ახალგაზრდული სკოლები ფუნქციონირებას მიმდინარე კვირას დასრულებენ. „დემოკრატიის ლაბორატორია" კი აგრძელებს პროექტს, რაც ითვალისწინებს კონკურსს უფროსკლასელებისათვის, ამომრჩეველთა გააქტიურების მიზნით.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner