სამხედრო მოსამსახურეებზე ზრუნვა თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. სოციალური მხარდაჭერის პოლიტიკის ფარგლებში, თავდაცვის სამინისტრომ სამხედრო მოსამსახურეებს კიდევ ერთი ახალი პროექტის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. „სამხედრო მოსამსახურეთა კარიერის ტრანზიციის“ პროექტის პრეზენტაცია თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ გაიმართა.
პროგრამა სამხედრო მოსამსახურეთათვის ახალი ცოდნის და უნარ-ჩვევების შესწავლას, პროფესიულ გადამზადებასა და შემდგომი დასაქმების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ჯონი ტატუნაშვილი, თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი როლანდ ძნელაძე, სხვადასხვა უწყების სააგენტოების წარმომადგენლები და სამხედრო მოსამსახურეები დაესწრნენ.
სააგენტოს წარმომადგენლებმა დასაქმების ხელშეწყობის, სოფლის მეურნეობის, პროფესიული განვითარების და მიკრო და მცირე მეწარმეობის პროგრამების შესახებ პრეზენტაციები წარადგინეს და დამსწრეებს დეტალურად გააცნეს ინფორმაცია ყველა იმ შესაძლებლობაზე, რაც სამხედრო მოსამსახურეებს სამოქალაქო სექტორში რეინტეგრაციის შემდეგ ექნებათ. „სამხედრო მოსამსახურეთა კარიერის ტრანზიციის“ პროექტი 2023 წელს დაიწყო, რაც თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებს შესაძლებლობას აძლევს აქტიურად მოემზადონ სამოქალაქო პროფესიული ცხოვრებისათვის.