logo_geo
eng_logo
პარლამენტმა „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო
- +

31 მაისი. 2023. 20:11

 

პარლამენტმა პირველი მოსმენით, 80 ხმით მიიღო „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ კანონპროექტი თანმდევ კანონპროექტებთან ერთად.

კანონპროექტი არეგულირებს ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო სქემების ორგანიზებისა და განხორციელების საკითხებს, მათზე ზედამხედველობას და განსაზღვრავს სქემებში მონაწილეობის წესებს, პირობებს და მონაწილეთათვის დაცვის გარანტიებს“, - განაცხადა საკანონმდებლო პაკეტის წარდგენისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა.

მისი თქმით, დღეისათვის საქართველოში მოქმედებს 1998 წელს მიღებული კანონი არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევის და უზრუნველყოფის შესახებ, რომელიც ვეღარ პასუხობს თანამედროვე სტანდარტებს, შესაბამისად, კანონპროექტის პარლამენტის მიერ მიღების შემთხვევაში, ამჟამად მოქმედი კანონი გაუქმდება.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, საკანონმდებლო პაკეტის მომზადება ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებითაა განპირობებული და, შესაბამისად, კანონპროექტი შესაბამისობაშია მოყვანილი ევროდირექტივასთან და მაქსიმალურად ითვალისწინებს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას ამ დარგის რეგულირებაში.

კანონპროექტი ასევე ვრცელდება აქტივების მმართველი კომპანიების, მზღვეველის, საპენსიო კომპანიის, სპეციალიზებული დეპოზიტარების და სხვა პირების საქმიანობაზე იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც ასეთი საქმიანობა უკავშირდება ნებაყოფლობით კერძო პენსიას.

„ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ კანონპროექტიდან გამომდინარე ცვლილებები 15-მდე კანონში შედის.

right_banner right_banner
არქივი
right_banner