logo_geo
eng_logo
პარლამენტმა ეროვნული ბანკის 2022 წლის ანგარიში დაამტკიცა
- +

31 მაისი. 2023. 20:59

 

საქართველოს პარლამენტმა კენჭი უყარა და მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტს „საქართველოს ეროვნული ბანკის 2022 წლის საქმიანობის ანგარიშის თაობაზე“, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, არჩილ მესტვირიშვილმა წარადგინა. ანგარიში მომზადებულია "საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" ორგანული კანონის შესაბამისად და მოიცავს ფულად-საკრედიტო, სავალუტო და საზედამხედველო პოლიტიკის მიმოხილვას და აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშგებას.

მესტვირიშვილმა ვრცლად ისაუბრა ეროვნული ბანკის ფუნქციებსა და ამოცანებზე და ყურადღება გაამახვილა მანდატის ფარგლებში გადადგმულ ნაბიჯებზე, რომელიც ქვეყანაში ფასების სტაბილურობას და გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდას უწყობს ხელს.

სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა აღნიშნა, რომ გასულ წელს ინფლაცია არა მხოლოდ განვითარებადი, არამედ განვითარებული ქვეყნების პრობლემაც იყო. მისი თქმით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ გლობალური ინფლაციური პროგნოზები შეიცვალა. სწორედ ამ მიზნით, ეროვნულმა ბანკმა გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა შეინარჩუნა.

პარლამენტის წევრებმა ასევე დეტალურად მოისმინეს იმ ნაბიჯების შესახებ რომელიც ეროვნულმა ბანკმა ფინანსური სტაბილურობის პოლიტიკის ფარგლებში გადადგა. მისი თქმით, ეროვნული ბანკის გუნდი აკვირდებოდა მიმდინარე ტენდენციებს და ქმედებებიც შესაბამისი იყო. ამასთან, სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ყურადღება გაამახვილა რუსეთისა და ბელორუსიის მიმართ აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციების აღსრულების და მონიტორინგის მნიშვნელობაზე. მისი თქმით, ეროვნულმა ბანკმა დაამატა განყოფილება, რომელიც უშუალოდ ჩართულია საფინანსო სექტორის მიერ სანქციების დაცვის მონიტორინგში.


არჩილ მესტვირიშვილმა აღნიშნა, რომ სებ-ის ყველა ქმედება მიმართულია ფასების სტაბილურობის ხელშეწყობისა და ქვეყნის გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარებისაკენ. მისი თქმით ამ ნაბიჯებს დადებითად ეხმაურება ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია და სარეიტინგო კომპანია.

2022 წელს, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის ფონზე და ასევე იმ საგარეო გამოწვევების ფონზე, რომელიც ხდებოდა როგორც საქართველოში ასევე მსოფლიოში, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ იყო პოლიტიკის ეფექტური რეაგირება, როგორც მაკროეკონომიკური პოლიტიკის კუთხით, ასევე საბანკო სისტემების მდგრადობის შენარჩუნების და გაძლიერების კუთხით. ჩვენმა ქმედებებმა თავისი გავლენა იქონია საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიების მიერ საქართველოს საინვესტიციო საკრედიტო რეიტინგის შეფასებაში და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გადადგმული ნაბიჯები დადებითად იყო შეფასებული", - განაცხადა მესტვირიშვილმა.

მოხსენების შემდეგ არჩილ მესტვირიშვილმა საქართველოს პარლამენტის დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner