logo_geo
eng_logo
ირაკლი ჩიქოვანი: საქართველოს ხელისუფლებას აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე და ამ საკითხზე ნებისმიერი სპეკულაცია მიუღებელია
- +

1 ივნისი. 2023. 11:10

 

 

„გულწრფელ რეაქციას, რაც ქართულ საზოგადოებაში იყო 26 მაისის აღლუმის დროს პრეზიდენტის გამოსვლასთან დაკავშირებით, შესაბამისი ეფექტი ჰქონდა და ვიხილეთ ის განცხადებები, რომლებიც მან ევროპარლამენტში გააკეთა“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის დეპუტატმა ირაკლი ჩიქოვანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

 

„რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტმა და თითოეულმა თანამდებობის პირმა, მით უმეტეს, უმაღლესი თანამდებობის პირმა ისაუბროს იმ აუცილებლობაზე, რომელიც დგას და ეს აუცილებლობა უდგას ევროკავშირს, რომ მიიღონ გადაწყვეტილება და ჩვენს ქვეყანას მისცენ კანდიდატის სტატუსი. თუმცა, მე ვიტყოდი იმასაც, რომ პრეზიდენტი შეეცადა, ესაუბრა იმაზე, თუ რამდენად საჭიროა, მოეყვანა ბევრი მტკიცებულება, მაგრამ, ვფიქრობ, ასევე იქნებოდა კარგი, გაგვემახვილებინა აქცენტი, რომ ეს ყველაფერი უნდა გაკეთებულიყო ჯერ კიდევ ივნისში, ვინაიდან ჩვენი ხელისუფლება, ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი მოქალაქეები და, ზოგადად, ის ისტორია, გაკეთებული საქმეები და ჩატარებული რეფორმები, რომელიც ჩვენ გვაქვს, ნამდვილად იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს, თუ ვინმე საერთოდ იმსახურებდა დღესდღეობით ევროკავშირის გაფართოების პერსპექტივას“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

 

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების ფონზე, რატომ იყო დღეს ევროპარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ ცალკეული დეპუტატების განცხადებები იმის შესახებ, რომ მათ კვლავ აქვთ კითხვის ნიშნები საქართველოში მედიის თავისუფლების მიმართულებით, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს თავისუფალი, რომ ნიკა გვარამია არ უნდა იყოს ციხეში და რატომ აქვთ შენიშვნები ცალკეული რეფორმების მიმართ, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, რომ საქართველოს მმართველი გუნდი ვერ შეთანხმდება იმ პოლიტიკოსებთან, რომლებსაც აქვთ არაადეკვატური შეფასება იმისა, თუ რა ხდებოდა ქვეყანაში 2003 წლიდან 2012 წლამდე.

 

„როდესაც მათ არ აქვთ გარჩეული და ობიექტურად არ აქვთ დანახული, თუ რა ხდებოდა ამ სახელმწიფოში, მათთვისაც რთული იქნება, შეაფასონ ის პროგრესი, რაც ჩვენ გვაქვს მიღწეული და, მეორე მხრივ, ის ვითარება, რა ვითარებაშიც საქართველოს უწევს ოპერირება. აქ რაღაც გარკვეულ დონეზე არის პოლიტიკური სიმპათიები, ინდივიდუალური ურთიერთობები და ამასთან ერთად, ბევრი სხვა ინტერესი, რომელსაც შორს მიმავალი გეგმები აქვს. ზუსტად ამიტომ, ჩვენ ამ ნაწილზე ვერ შევთანხმდებით, მაგრამ, ყველანაირი ობიექტური საზომით, ჩვენ ვასრულებთ რეფორმებს და როდესაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება ვიღაცისთვის საკმარისი არგუმენტი არ არის, აქ, რა თქმა უნდა, პოლიტიკური დებატი განწირულია იმისთვის, რომ ჩიხში შევიდეს“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

 

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, რამდენად სწორი იყო ბრატისლავას გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე პრემიერის მიერ უკრაინის ომის დაწყების ერთ-ერთ მიზეზად ნატო-ს გაფართოების დასახელება, რაც ოპონენტებმა ალიანსის წევრობაზე უარის განაცხადად და ანტიდასავლურ გზავნილად აღიქვეს, ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, რომ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა ძალიან ობიექტური, ადეკვატური და რეალისტური შეფასებები.

 

„ვინც ამბობს, რომ ეს არის ანტიდასავლური, სუბიექტური ან რამე ფორმით არასწორი, მგონი, თვითონაც უნდა ხვდებოდეს, რომ ფლიდობს და იტყუება. დღესაც ვნახეთ განცხადებები ქალბატონ ურსულა ფონ დერ ლაიენისგან, რომ როდესაც იქნა მიღებული გადაწყვეტილება უკრაინისა და საქართველოსთვის ნატო-ს პერსპექტივის თაობაზე, მაგრამ ეს რეალურად, იყო მხოლოდ პოლიტიკური განცხადება და ამას არ ჰქონდა რეალური უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ეს იყო არსებითი პრობლემა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. ხაზგასმით მინდა, აღვნიშნო, რომ ასეთი სტრატეგიული შეცდომები არ უნდა დაიშვას“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

 

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებას აქვს მწყობრი, ჩამოყალიბებული პოზიცია ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე და ამ საკითხზე ნებისმიერი სპეკულაცია მიუღებელია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner