„NATO ვერ მიიღებს ახალ წევრებს, რომლებიც ამჟამად ომში არიან ჩართული“, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა ოსლოში განაცხადა, სადაც ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვედრას გამართავენ.
„NATO-ს ღია კარის პოლიტიკა ძალაში რჩება, მაგრამ ამავე დროს ცხადია, რომ ჩვენ არ შეგვიძლია ვისაუბროთ ახალი წევრების მიღებაზე, რომლებიც ომში არიან“, - განუცხადა ანალენა ბერბოკმა ჟურნალისტებს.
მისი თქმით, ოსლოში გამართული შეხვედრა კიდევ ერთი ნაბიჯია NATO-ს ლიდერების ვილნიუსის სამიტამდე, რომელიც ივლისშია დაგეგმილი და მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს შეთანხმებას კიევთან ურთიერთობების გაძლიერების შესახებ.
შეგახსენებთ, დღეს ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოლდოვაში განაცხადა, რომ მისი ქვეყანა NATO-ში გაწევრიანებისთვის მზად არის.