logo_geo
eng_logo
„ასეთ რამეს სილიციუმის ველზე ვერ ნახავთ...“- „სტარტაპ საქართველოს“ ჟიურის წევრი საქართველოზე...
- +

3 სექტემბერი. 2016. 21:38



„სტარტაპ საქართველოს" ჟიურის წევრი ნეტ ჯეიკობსონი საქართველოში მიღებული შთაბეჭდილებების შესახებ ბლოგს აქვეყნებს.



„გასულ კვირას საქართველოს მთავრობამ მიმიწვია თბილისის ტექნოლოგიურ პარკში, ქვეყნის ისტორიაში დამწყები ბიზნესების პირველი კონკურსის ჟიურიში მონაწილეობის მისაღებად, სხვა ინვესტორებსა და უფროს მენეჯერებთან ერთად, რომლებიც, ძირითადად, სილიკონის ველს წარმოადგენდნენ. საქართველო ცნობილია თავისი მთებითა და გამაოგნებელი ბუნებით. ასე რომ, ოფიციალურ ღონისძიებამდე გადავწყვიტე, ადგილობრივი მთების ბილიკების დალაშქვრა ველოსიპედით. უნდა ვაღიარო, რომ ჩამოსვლამდე საქართველოს სტარტაპების ეკოსისტემასთან დაკავშირებით დიდი მოლოდინები არ მქონდა. საბედნიეროდ, ვცდებოდი",- წერს ნეტ ჯეიკობსონი.


ამერიკელი ექსპერტი საქართველოს კალიფორნიას ადარებს და წერს - საქართველოს ხშირად და არც თუ ისე უმიზეზოდ უწოდებენ „კავკასიურ კალიფორნიას" - ქვეყანა, რომლის მეღვინეობის ტრადიციები 8000 წელს ითვლის, წარმოადგენს კულინარიისა და ნადიმობის ცენტრს, გარშემორტყმულს მწვანეში ჩაფლული მთებით. გარდა ამისა, საქართველოში პირდაპირ კლდეებიდან მოედინება მსოფლიოში საუკეთესო ბუნებრივი მინერალური წყლები. მენდეთ, მე თავად გავსინჯე ზოგიერთი მათგანი.


პირველსავე საღამოს ჩვენ მიგვიწვიეს ტრადიციულ სუფრაზე, რომელსაც მასპინძლობდა მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი. სუფრა არის ტრადიციული ქართული წვეულება თამადის ხელმძღვანელობით, რომელიც მეინახეებს სთავაზობს სადღეგრძელოებს. ჩვენ შევსვით საქართველოს, მეგობრობის, ღმერთის, სტარტაპების, მანდილოსნების, მამაკაცების და ბევრი სხვა სადღეგრძელო. მადლობა ღმერთს, წარმოშობით შვედი ვარ. ასე რომ, სუფრას ბოლომდე მივყევი. უმშვენიერესი ტრადიციაა, თუმცა მასში მონაწილეობის მიღება დიდ გამბედაობას მოითხოვს. სადილზე გამაცნეს რამდენიმე განმაცვიფრებელი ფაქტი საქართველოს მთავრობის საქმიანობის შესახებ. მთავრობას სათავეში უდგანან შედარებით ახალგაზრდა, ენერგიული პროფესიონალები, რომლებიც გაბედულად მოქმედებენ და მართავენ ქვეყანას დაახლოებით ისე, როგორც მეწარმე მართავს სტარტაპს, რის დროსაც ყურადღება გამახვილებულია ამოცანების იდეალურად შესრულებაზე. სახელისუფლო დაწესებულებათა შენობების უმრავლესობა, პოლიციის განყოფილებების ჩათვლით, შუშის კონსტრუქციებს წარმოადგენს, რათა ხაზი გაესვას მათი საქმიანობის გამჭვირვალობას. საქართველოში პასპორტის აღებაზე სულ 15 წუთს დახარჯავთ, რისთვისაც შესაძლებელია, მანქანიდან გამოუსვლელად შესაბამისი მომსახურებით სარგებლობა. საჯარო მომსახურების ბევრი დაწესებულება მოქმედებს ერთი ფანჯრის პრინციპით, რის შედეგადაც მიწოდებული მომსახურება სისწრაფითა და ეფექტიანობით გამოირჩევა. თუმცა, ალბათ ყველაზე განსაცვიფრებელი ის არის, რომ პოლიციაში კორუფციის აღმოფხვრის მიზნით 2005 წელს ერთ დღეში დაითხოვეს ყველა პოლიციელი (30 000 თანამშრომელი) და უმალ ჩაანაცვლეს ისინი ახალი კადრებით. საქართველოს მთავრობა არის მისაბაძი მაგალითი მმართველობის ბევრ ასპექტში: ის, როგორც კარგი მეწარმე, სწრაფია, ეფექტური და, რაც ყველაზე მთავარია, მოქალაქეთა მომსახურებაზე ორიენტირებული. ბევრი ქვეყნის მთავრობას შეუძლია, ისწავლოს საქართველოსგან",- წერს ნეტ ჯეიკობსონი.


ბოლოგი ავტორი ცალკე თავს უძღვნის საქართველოს ტექნოლოგიური პარკს.

 

საქართველოს ტექნოლოგიური პარკი წარმოადგენს საოცარი დიზაინის მქონე თანამედროვე შენობას, ასე ვთქვათ, ფინური დიზაინისა და ქართველი ტრადიციების ნაზავს, განლაგებულს ხშირ ტყეში, რომელიც გადმოჰყურებს თბილისს. მასში თავმოყრილია უახლესი სამგანზომილებიანი პრინტერებით, ლაზერული ჭრის დანადგარებითა და ყველა სახის პროტოტიპის პროგრამული უზრუნველყოფის ინსტრუმენტებით აღჭურვილი რამდენიმე ლაბორატორია.

საქართველოს ტექნოლოგიურ პარკი დაარსდა საქართველოს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტოს ბაზაზე. სააგენტოს ხელმძღვანელობს ირაკლი ქაშიბაძე, რომელსაც გვერდში უდგანან არაჩვეულებრივი პროფესიონალი თანაშემწეები: მარიამ ლაშხი, ავთანდილ კასრაძე და სხვანი. სწორედ მათ შეარჩიეს 50 სტარტაპი კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, ჩვენ კი უნდა აგვერჩია 20 გამარჯვებული. სტარტაპების საქმიანობა მოიცავდა ისეთ სფეროებს, როგორიცაა რობოტიკა, ხელოვნური ინტელექტი, ბიოტექნოლოგიები, ფინანსური ტექნოლოგიები, ჯანდაცვა, განათლების ტექნოლოგიები და საინფორმაციო ტექნოლოგიები.ღონისძიებამდე ორი კვირის განმავლობაში სტარტაპებს ჩაუტარდათ ინტენსიური მომზადება, რომელიც უზრუნველყო სილიციუმის ველის ვეტერანთა ჯგუფმა ჩემი მეგობრის, მარკ ივანოვსკის (კომპანია Oracle-ის საინფორმაციო ტექნოლოგიების განყოფილების ყოფილი უფროსი) ხელმძღვანელობით, რომელმაც ასევე წამყვანი როლი შეასრულა თავად ღონისძიებაში.დიდი სიხარული მომანიჭა ქართველი მეწარმეების მონდომებამ, ენერგიამ და ჩემთვის სასიამოვნო მოულოდნელობა იყო მათი შემოქმედებითი და იდეის მიწოდების უნარები. მე კი შესაძლებლობას არ ვუშვებ ხელიდან, რომ გამოვიდე ჩემი კომფორტის ზონიდან და კავშირი დავამყარო მეწარმეებთან მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, რასაც უდიდესი სარგებელი მოაქვს ჩემთვის და სიამოვნებას მანიჭებს.ორი დღისა და 50 პრეზენტაციის შემდეგ ჩვენ უნდა დაგვესახელებინა 20 გამარჯვებული, რაც საკმაოდ რთული აღმოჩნდა, რადგანაც ვთვლიდით, რომ ყველა მონაწილე გამარჯვების, აღიარებისა და მხარდაჭერის ღირსი იყო. მიუხედავად ამისა, ხანგრძლივი დისკუსიების შემდეგ მაინც შევძელით რჩეულთა დასახელება. ორი დღის განმავლობაში ინტენსიური მუშაობის კულმინაციად იქცა პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის გამოსვლა, რის შემდეგაც გაიმართა ძალიან ემოციური დაჯილდოების ცერემონია. უნდა გამოგიტყდეთ, რომ ასეთი ემოციური დაჯილდოება ჯერ არ მენახა. თითოეული გამარჯვებული დასახელების შემდეგ ყველა მეწარმის მიერ გამოხატული სიხარული (მათი ჩათვლით, ვინც არ შევიდა რჩეულთა სიაში), მართლაც გულისამაჩუყებელი იყო. ერთმანეთის წარმატებით გამოწვეული სიხარული აშკარად იგრძნობოდა და აუდიტორია თვალაცრემლებული ადევნებდა თვალყურს დაჯილდოების ცერემონიას. ასეთ რამეს სილიციუმის ველზე ვერ ნახავთ... დაჯილდოების ცერემონიის დასრულებიდან მალევე ჩვენ, ჟიურის წევრებს, გვქონდა პირისპირ შეხვედრა პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილთან და ვიცე-პრემიერთან, დიმიტრი ქუმსიშვილთან. ცხადზე ცხადია, რომ მათი სურვილია საქართველოს გადაქცევა სამოთხედ მეწარმეთათვის, და ისინი ძალიან დაინტერესებულნი არიან მეწარმეთა წინსვლის უზრუნველყოფით. პრემიერ-მინისტრი ყურადღებით უსმენდა ჩვენს რჩევებს და განაცხადა, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და ძალ-ღონეს არ დაიშურებს, რათა საქართველო იქცეს წარმატებული სტარტაპების ცენტრად.მე გავიცანი ძალიან თბილი, სტუმართმოყვარე და მიზანმიმართული ადამიანები, რომლებსაც მიზნად აქვთ დასახული დადებითი ცვლილებების განხორციელება, ქვეყანაში გაუმჯობესების უზრუნველყოფა და მთელ მსოფლიოში საქართველოს წარმოჩენა. ამ მიზანმიმართულებისა და ნიჭის წყალობით, მეწარმეობის სულისკვეთებით განმსჭვალული მთავრობას აქვს ყველაფერი, რათა საქართველომ თავისი სიტყვა თქვას საერთაშორისო ასპარეზზე.

 

დაბოლოს, მადლობას მოვახსენებ მარკ ივანოვსკისა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საქართველოში მიწვევისთვის და იმ დაუვიწყარი შთაბეჭდილებებისთვის, რომლებიც ამ ულამაზესმა ქვეყანამ და მისმა ხალხმა მომანიჭეს. დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი ადამიანების ხელმძღვანელობით საქართველო სწორ გზაზე დგას",- წერს ნეტ ჯეიკობსონი.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner