ავტორი თაკო კვარაცხელია
- ქალბატონო თამარ, მინდა ჩვენი ინტერვიუ საქართველოს საგარეო ვექტორზე საუბრით დავიწყოთ... ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ხელისუფლებამ ევროპული გზიდან გადაუხვია და ქვეყანა ნელ-ნელა რუსულ ორბიტაზე ინაცვლებს. თქვენ თუ ხედავთ მსგავს კონტურებს და, როგორ ფიქრობთ, საზოგადოების ნაწილს რატომ გაუჩნდა ასეთი განცდა?
- ოპოზიცია სრულიად ხელმოცარული და გაკოტრებულია, ისინი ხალხში ნეგატივის შეტანას ცდილობენ და გამუდმებით ავრცელებენ სიცრუეს... ის, რომ საქართველო დასავლური ორბიტიდან რუსულ ორბიტაზე ინაცვლებს, მათ მიერ აგორებული სიცრუის მორიგი კამპანიაა. მათ კარგად იციან, რომ მომდევნო არჩევნებში მათი გამარჯვება გამორიცხულია, ამიტომ ცდილობენ დეზინფორმაციის საშუალებით, რაც შეეიძლება მეტი ადამიანი მოატყუონ და მეტი ხმა და მეტი საპარლამეტო მანდატი მიიღონ.
- და რა არგუმენტებით შეგიძლიათ თქვენი სიტყვების გამყარება?
- შემიძლია თამამად ჩამოგითვალოთ ხელისუფლების ის ნაბიჯები, რომლებიც მაშინვე გააცამტვერებს ოპოზიციის ბრალდებებს: საქართველოს მოქმედი ხელისუფლების დამსახურებაა ასოცირების ხელშეკრულება, უვიზო მიმოსვლა ევროპასთან, საქართველოს წარმოუდგენლად მაღალი საერთაშორისო რეიტინგები, რომლებიც მსოფლიო ბანკისა და სართაშორისო ორგანიზაციების კვლევების საფუძველზე იქმნება. დასავლეთის მიერ ჩატარებული კვლევების საფუძველზე დგინდება, რომ ადამიანის უფლებების, სასამართლო დამოუკიდებლობისა თუ მედია-თავისუფლების კუთხით საქართველომ წარმოუდგენელ პროგრესს მიაღწია. მეტსაც გეტყვით, რა მოთხოვნებიც აქვს ევროკავშირს, ყველა მოთხოვნა გადაჭარბებითაა შესრულებული. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, რათა დავუბრუნდეთ ევროპულ ოჯახს და მოგვენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. აქედან გამომდინარე, ოპოზიციის მსჯელობასა და ბრალდებებში არანაირი ლოგიკა არ არსებობს.
- თუმცა, 7 მარტს მათ საზოგადოების ნაწილის შეცდომაში შეყვანა და ქუჩაში გამოყვანა მაინც მოახერხეს...
- დიახ, სამწუხაროდ, ნამდვილად ასე იყო, უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონის განხილვისას, მათ მოატყუეს საზოგადოების ნაწილი და ეს კანონი „შეასაღეს“, როგორც რუსული კანონი. „ქართული ოცნების“ ამომრჩევლების დიდი ნაწილიც იყო ქუჩაში გამოსული, მათ შორის ჩემი მეგობრები, თანამშრომლები, პროფესორებისა და სტუდენტების ნაწილი, რომლებსაც არ კი ჰქონდათ წაკითხული ეს კანონი, ისე გამოვიდნენ ქუჩაში მის გასაპროტესტებლად.
- თქვენი მსჯელობიდან გამომდინარე, ხომ არ მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ „ხალხის ძალამ“ დაუშვა შეცდომა, როცა აღნიშნული კანონპროექტი დაჩქარებული წესით შეიტანა პარლამეტში განსახილველად, ანუ იქამდე, სანამ საზოგადოების სწორად ინფორმირეას მოახერხებდა? ეს რას ნიშნავს? ოპოზიციამ საზოგადოების ნაწილის საკუთარ ტყუილში დარწმუნება მოახერხა, მაშინ როცა ისინი თქვენ, თქვენს სიმრთლეში ვერ დაარწმუნეთ...
- სრულიად გეთანხმებით! ოპოზიციამ აწარმოა გაცილებით ხისტი საინფორმაციო კამპანია, ვიდრე ჩვენ, თანაც მათ კამპანიას სათავეში პირადად აშშ-ის ელჩი ჩაუდგა. მაქვს ინფორმაცია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებიდან უკავშირდებოდნენ უნივერსიტეტებს, ქართულ „ენჯეოებს“, ყველა პირს, ვინც უცხოური გრანტების პროგრამაში იყო ჩართული და ეუბნებოდნენ, რომ ღიად გაეპროტესრებინათ ეს კანონი. ასევე რეკავდნენ „ქართული ოცნების“ ყოფილ მაღალჩინოსნებთანაც და სთხოვდნენ, ხელი მოეწერათ იმ საპროტესტო განცხადებაზე, რაც პარლამენტში შეაგზავნეს. ვინც ხელი არ მოაწერა, ან ღიად არ დააფიქსირა კრიტიკული პოზიცია, მათთან თანამშრომლობა თითქმის შეწყვიტეს". როგორც აღვნიშნე, შანტაჟის ამ კამპანიას პირადად ხელმძღვანელობდა კელი დეგნანი. გეთანხმებით იმაში, რომ ჩვენ კამპანიის წარმოება დავაკელით და საზოგადოებრივი აზრის შექმნა მათ მეტად შეძლეს, ვიდრე ჩვენ, თუმცა აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ იმ შანტაჟისა და ზეწოლის ფონზე, რასაც აწარმოებდა აშშ-ის საელჩო, ჩვენ ამ კანონის გატანას, მაინც ვერ შევძლებდით.
- ხომ არ გეგმავთ მომავალში ამ შეცდომის გამოსწორებას და როცა ქართული საზოგადოება მეტად იქნება ინფორმირებული, ხომ არ მოხდება ამ კანონპროქტის შებრუნება პარლამეტში?
- „ხალხის ძალა“ ამ კანონის პარლამეტში შებრუნებას არ აპირებს, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ის საბოლოოდ მაინც იქნება მიღებული. დაფინანსების გამჭვირვალობის კანონს ახლა უკვე ევროკავშირი განიხილავს და როგორც კი ჩვენ მივიღებთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, ვალდებულები გავხდებით გადმოვიღოთ მათი კანონის ანალოგი ჩვენთანაც. ანუ, ამ კანონს მიგვაღებინებს არა „ქართული ოცნება“ ან „ხალხის ძალა“, არამედ სწორედ ის დასავლეთი, რომელმა დასავლეთმაც მარტის თვეში არ მიგვაღებინა ის.
- ქალბატონო თამარ, დასავლეთი ხომ ღია შანტაჟისა და მუქარის რეჟიმზეა გადასული და არც იმას მალავენ, რომ რუსეთთან პირდაპირი ფრენები და უვიზო მიმოსვლა დაგვაბრკოლებს ამ ყბადაღებული სტატუსის მიღების გზაზე... როგორ ფიქრობთ, საბოლოოდ მაინც მივიღებთ მას?
- არ და ვერ დაგვაბრკოლებს და აგიხსნით რატომ... ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღეს მოლდოვამ და უკრაინამ მაშინ, როცა უკრაინას არც კი დაუყენებია დღის წესრიგში რუსეთთან სავიზო რეჟიმის დაწესება, მოლდოვას კი,აქვს, როგორც უვიზო რეჟიმი, ისე პირდაპირი ავიაფრენებიც. სტატუსი ამ სახელმწიფოებს მისცეს და რა ლოგიკით არ მოგვცემენ ჩვენ?! რუსეთმა ხომ თავად გაგვიუქმა სავიზო რეჟიმი და აღადგინა მისივე გაუქმებული ფრენებიც, ამიტომ ეს ვერ გახდება ხელისშემშლელი ფაქტორი კანდიდატის სტატუსის მიღების გზაზე. მსგავს განცხადებებს აკეთებს მხოლოდ ის, ვის ინტერესებშიც შედის ხალხის შეცდომაში შეყვანა... აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი დღეს იქცა „ნაცმოძრაობის“ ლიდერად და ამ ქალბატონმა თავად შეარყია და გაანადგურა ამერიკის იმიჯი საქართველოში.
- როგორ ფიქრობთ, იმ ყოველივეს გათვალისწინებით, რაზეც თქვენ ახლა საუბრობდით, ამერიკისა და ევროპის მხარდამჭერთა რაოდენობა საქართველოში დაბლა ხომ არ წამოვა?
- ქართველი ხალხიც და პირადად მეც - ადამიანი, რომელიც ჩემი განწყობით, ბუნებით, ჩემი ცხოვრების გზით წარმოუდენლად პროამერიკელი ვარ, გავღიზიანდით მაშინ, როცა ამერიკელებმა სათანამშრომლოდ „ქართული ოცნების“ ნაცვლად აირჩიეს კრიმინალური ძალა - „ნაციონალური მოძრაობა“, ძალა, რომელიც ქუჩაში ხვრეტდა ადამიანებს, რომელსაც ჰყავს უამრავი მსხვერპლი და რეპრესირებული... ბაიდენის მთავრობამ თანამშრომლობა გადაწყვიტა სისხლიან მთავრობასთან და უკან გამოგვიგზავნეს კრიმინალი, დამნაშავე ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც სამართლიანად იხდის სასჯელს და მოიხდის ბოლომდე, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული! ჩვენ გვინდა ამერიკულ მხარესთან თანამშრომლობა, მაგრამ ეს თანამშრომლობა დაფუძნებული უნდა იყოს თანასწრობასა და პატივისცემაზე და არა ბრძანებებზე, თუ რა ნაბიჯი გადავდგათ და რა არა - ეს უბრალოდ შეურაცხმყოფელია.
- ქალბატონო თამარ, როგორ გესახებათ აშშ-სთან პარტნიორობა იმ დროს, როდესაც, როგორც თქვენვე ამბობთ, ისინი მბრძანებლურ ტონში გველაპარაკებიან და გვკარნახობენ, თუ როგორ უნდა ვიმოქმედოთ ამა თუ იმ სიტუაციაში. როგორც უნდა მოვახერხოთ იმ ქვეყნის პარტნიორობა, რომელი ქვეყნისგანაც პარალელურ რეჟმში მოგვიწევს ჩვენი სუვერენიტეტის დაცვა?
- იცით, ვისაც ჰგონია, რომ მხოლოდ საქართველოს სჭირდება დასავლეთთან პარტნიორობა და დასავლეთს ნაკლებად, ძალიან სცდება. მეტიც, ჩვენთან პარტნიორობა, უპირველეს ყოვლისა, სწორედ მათ ინტერებშია. საქართველო უმნიშვნელოვანეს გეოგრაფიულ გზაგასაყარზე მდებარეობს, ესაზღვრება რუსეთსა და ისლამურ სახელმწიფოებს, ამერიკელები კი გიჟები არ არიან და ტყუილა აქ ერთ დოლარსაც კი არ ხარჯავენ. ის, რომ ჩვენი და აშშ-ის ურთიერთობა გასცდა პარტნიორულ ურთიერთობას, არის იმის შედეგი, რომ ჩვენ იძულებულნი ვართ გავითვალისწინოთ აშშ-ის სახელმწიფო ინტერესები, მაგრამ აშშ არ ითვალისწინებს ჩვენ ეროვნულ ინტერსებს.
- საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის მცდელობა მათი მხრიდან რამდენად რეალურია?
- აბსოლუტურად რეალურია! იყო სერიოზული ზეწოლა დასავლეთისგან, რომ საქართველო ჩართულიყო რუსეთის წინააღმდეგ ომში, რაც ერთმნიშვნელოვნად გამოიწვევდა საქართველოს ფიზიკურ განადგურებას. დღეს სრულიად ახალი რეალობა იკვეთება მსოფლიოში, აღმოსავლეთის ქვეყნები ყოველდღიურად წინაურდებიან და გარდაუვალია, რომ ჩინეთი გახდება მსოფლიოს ახალი ლიდერი, ასევე დაწინაურდება ინდოეთი და ისლამური სახელმწიფოები... საქართველო კი გეოგრაფიულ შუაგულშია, ასე რომ ჩვენთან პარტნიორობის ინტერესი ექნება ყველას, არამხოლოდ დასავლეთის მხრიდან, არამედ აღამოსავლეთისა თუ ჩრდილოეთის... ახალი პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე კი, საქართველოს შესაძლოა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ისეთი შანსი მიეცეს, როგორიც ჯერ არ გვქონია და, ვინ იცის, კიდევ რამდენ ხანს არ გვექნება, ამიტომ ჩვენ ეს შანსი აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ!