logo_geo
eng_logo
ბექა დავითულიანი: პრემიერმა გააჟღერა ძალიან სწორი გზავნილი, რომ ევროპამ უნდა მიიღოს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება და საქართველოს მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი
- +

2 ივნისი. 2023. 14:48

 

 

„პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ ნებისმიერი უმაღლესი დონის ვიზიტი და საერთაშორისო პლატფორმებში მონაწილეობა საქართველოს მხრიდან არის ძალიან მნიშვნელოვანი. მით უმეტეს, ამ ისტორიულ ხანაში, როცა წყდება გეოპოლიტიკურად ჩვენი რეგიონის ბედი და როდესაც საქართველო ელოდება კანდიდატის სტატუსს“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) ფარგლებში გამართულ თემატურ დისკუსიაში მონაწილეობის მიღების შესახებ Pia.ge-სთან საუბრისას განაცხადა. 

 

მისივე თქმით, პრემიერმა სწორი გზავნილი გააჟღერა, რაც ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებს.

 

„პრემიერ-მინისტრმა გააჟღერა ძალიან სწორი გზავნილი, რომ ევროპამ უნდა მიიღოს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება და საქართველოს მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი და ეს აუცილებლად ასე უნდა მოხდეს. წინა ჯერზე, როდესაც არ მიიღო საქართველომ კანდიდატის სტატუსი და მიიღო პერსპექტივა, განსხვავებით მოლდოვისა და უკრაინისგან, ჩემი აზრით, ეს იყო შეცდომა, რადგან ეს რუსეთისთვის, როგორც ტლანქი, მოუქნელი აგრესორისთვის, ეს მიღებულია როგორც გზავნილი, რომ, თითქოს, საქართველო შეიძლება, დასავლური სამყაროსთვის ნაკლებად საინტერესო იყოს და სწორედ ამან განაპირობა ჩვენი პოლიტიკის კიდევ უფრო მეტი სიფრთხილე, ვინაიდან, საქართველო, რა თქმა უნდა, ერთი მხრივ, უფრთხის შესაძლო ესკალაციას, მეორე მხრივ, მიისწრაფვის დასავლური ოჯახისკენ.

 

ამიტომ, ჩვენ ევროპამ ეს შესაძლებლობა არ უნდა დაგვიხუროს და პირიქით, აუცილებლად უნდა მოგვანიჭოს ეს სტატუსი, რათა ჩვენ უფრო ძლიერები და თამამები ვიყოთ ჩვენს გადაწყვეტილებებში. პრემიერმა გააჟღერა სწორი გზავნილი, რომ დიახ, ეს აუცილებლად უნდა გააკეთონ და სხვა გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა ევროკავშირს საქართველოსთან მიმართებით არ გააჩნია“, - აღნიშნა ბექა დავითულიანმა.

 

ცნობისთვის, 1 ივნისს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მონაწილეობა მიიღო ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) ფარგლებში გამართულ თემატურ დისკუსიაში, სახელწოდებით „უსაფრთხოება“, რომელიც მრგვალი მაგიდის ფორმატში ჩატარდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner