logo_geo
eng_logo
დავით სონღულაშვილი: მსოფლიო ტურიზმის დღის საქართველოში გამართვა ჩვენს ქვეყანას შესაძლებლობას მისცემს, მიზნობრივი ბაზრებიდან მსოფლიო მასშტაბზე გავიდეს
- +

2 ივნისი. 2023. 14:55

 

 

გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპის კომისიის გადაწყვეტილებით,  მომავალ წელს, მსოფლიო ტურიზმის დღის მასპინძელ ქვეყნად საქართველო დასახელდა. ამის შესახებ  გადაწყვეტილება  ევროპის კომისიის 38-მა ქვეყანამ  ქალაქ სოფიაში,  კომისიის 68-ე სხდომაზე მიიღო, სადაც საქართველოს დელეგაციის ინიციატივას ევროპის კომისიის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.

 

„მშვიდობა და ტურიზმი“ - ეს იქნება 2024 წელს მსოფლიო ტურიზმის დღის მთავარი თემა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ღონისძიება საქართველოში გაიმართება. ეს ძალიან დიდი მიღწევაა და ვფიქრობ, განსაკუთრებული დღესასწაული შეგვიძლია მოვუწყოთ საქართველოს, მის ტურიზმის სექტორს“, - განაცხადა გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა.

 

როგორც პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა განაცხადა, მსოფლიო ტურიზმის დღის საქართველოში გამართვა ქვეყნისთვის უამრავი შესაძლებლობის მომტანი იქნება.

 

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 2024 წელს მსოფლიო ტურიზმის დღეს საქართველო უმასპინძლებს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო დიდი ყურადღების ცენტრში მოექცევა და შესაძლებლობა ექნება მიზნობრივი ბაზრებიდან მსოფლიო მასშტაბზე გავიდეს. ამისთვის, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს ზურაბ პოლოლიკაშვილს, ჩვენი ქვეყნის მუდმივი მხარდაჭერისა და გულშემატკივრობისთვის“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

 

მსოფლიო ტურიზმის დღე 30 წელზე მეტია 27 სექტემბერს, საერთაშორისო ტურისტული ორგანიზაციის წესდების დამტკიცების დღეს აღინიშნება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner