გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრი, ბენ უოლესი აცხადებს, რომ უკრაინის NATO-ში გაწევრიანება უახლოეს მომავალში არ მოხდება.
„რეალისტები უნდა ვიყოთ და ვთქვათ: ეს არ მოხდება ვილნიუსში, ეს არ მოხდება უახლოეს მომავალში“, - აღნიშნა უოლესმა.
მისი თქმით, რიგი ქვეყნები მზად არიან, დადონ ორმხრივი ან მრავალმხრივი „თავდაცვის პაქტები“ უკრაინასთან და მხარი დაუჭირონ გრძელვადიან გეგმებს ქვეყნის სამხედრო შესაძლებლობების გასაზრდელად, რათა უზრუნველყონ, რომ მომავალში უკრაინაში შეჭრა ძვირი დაუჯდება რუსეთს თუ ვინმე სხვას. გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრი თვლის, რომ ამგვარი ორმხრივი შეთანხმებები შეიძლება წარმატებული იყოს რუსეთის შეკავებაში, რადგან „რუსეთის სახმელეთო ძალები საგრძნობლად შესუსტდება მომდევნო 10 წლის განმავლობაში“.
მისი თქმით, დასავლეთის ქვეყნები კვლავ უჭერენ მხარს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებასა და მის დაფინანსებას ისე, რომ რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დასაწყებად კიევზე ზეწოლას არ ახორციელებენ.