logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: ძალიან მნიშვნელოვანია პარტნიორების ინფორმირება, ამიტომ, ვფიქრობ, პრემიერის ვიზიტი წარმატებული იყო
- +

2 ივნისი. 2023. 15:56

 

 

ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე აცხადებს, რომ იმ ფონზე, როცა საქართველოს საკითხთან დაკავშირებით ევროპაში გარკვეული დუღილი არსებობს, რასაც მისივე თქმით, ქართული ოპოზიცია უწყობს ხელს, მნიშვნელოვანია, ჩვენს პარტნიორებს და უშუალოდ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, პირადად მიეწოდოთ ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით.

 

როგორც PIA.GE-სთან საუბარში ამირან სალუქვაძე აღნიშნავს, ამ მხრივ მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობა ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) ფარგლებში, მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ თემატურ დისკუსიაში „უსაფრთხოება“, რომელსაც მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების ლიდერები ესწრებოდნენ.

 

„იმის მიუხედავად, რომ უამრავი მოწოდება იყო, სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ ევროინტეგრაციის და კონკრეტულად, კანდიდატის სტატუსის მონიჭების გზაზე, მთავრობა და ოპოზიცია უნისონში ვერ მუშაობენ. რა თქმა უნდა, სხვადასხვა მიზეზების გამო, არის გარკვეული დუღილი ევროპაში, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენს ოპოზიციას. ამ ფონზე, ჩვენი პარტნიორების ინფორმირება და მათთან პირადი საუბრები, განსაკუთრებით, ვგულისხმობ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, ქვეყნების ლიდერებს, არის ძალიან მნიშვნელოვანი და ვფიქრობ, რომ ამ კუთხით წარმატებული უნდა იყოს ეს ვიზიტი.

 

ალბათ უფრო მეტ ინფორმაციას მოვისმენთ მთავრობისგან ამ დღეებში, შედეგებთან დაკავშირებით, მაგრამ იმ განცხადებებს თუ გავაანალიზებთ, რაც შეხვედრების შემდეგ გააკეთეს მაგალითად შარლ მიშელმა და სხვებმა - რომ საქართველოს ადგილი არის ევროპაში, ყველაფერი დამოკიდებულია რეფორმებზე და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი მიქმნის განცდას, რომ პოზიტიური შედეგი უნდა მივიღოთ. მე არ მსურს ჭარბი მოლოდინების შექმნა ამასთან დაკავშირებით და შემდეგ გულაცრუების გამოწვევა საზოგადოებაში, მაგრამ ჩემი შეფასებით, იმის წინაპირობა, რომ საქართველოს სტატუსი არ მიენიჭოს, არ არსებობს იმ მარტივი რეალობიდან გამომდინარე, რომ ჩვენ წლების განმავლობაში და დღესაც, ასოცირების ტრიოში ვიყავით ლიდერები. გამიხარდება, ასოცირების ტრიოს დანარჩენი სახელმწიფოები [მოლდოვა და უკრაინა] დღესვე რომ მიიღონ ევროკავშირში, მაგრამ ჩვენ გვეკუთვნის ჩვენი - ამაზეა საუბარი“, - აცხადებს ამირან სალუქვაძე.

 

ანალიტიკოსის თქმით, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმით, მოგებული მხოლოდ რუსეთი დარჩება, რაც დასავლეთს არ აწყობს. ამასთან, ამირან სალუქვაძე აღნიშნავს, რომ თუ ევროპა სამართლიანობის პრინციპითა და ქვეყნის მიერ ნაჩვენები შედეგების მიხედვით მიიღებს გადაწყვეტილებას, ჩვენმა ქვეყანამ წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსი უნდა მიიღოს.

 

„თუ ვინმეს გაახარებენ ჩვენთვის უარყოფითი პასუხის მოცემით, გაახარებენ რუსეთს, რომელსაც დღეს მთელი დასავლეთი უპირისპირდება და რატომ უნდა მიიღონ ეს გადაწყვეტილება, არ ვიცი. ამასთან, სტატუსის მონიჭება, პირიქით, მეტ ვალდებულებას აკისრებს ქვეყანას - ფაქტობრივად, უკვე იმ ფერხულში ერთვები, საიდანაც ვეღარ გამოხვალ, პირიქით, უნდა გააგრძელო რეფორმების გატარება. ეს ხომ არ არის მხოლოდ საქართველოს ინტერესი, ეს ხომ ევროკავშირის ინტერესიც არის, ამის ინტერესი არ აქვს მხოლოდ ერთ ქვეყანას და არ მგონია, რომ დღეს არსებობდეს განწყობა, რომ რუსეთის ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ შეგვაფერხონ ევროინტეგრაციის გზაზე. ამაში არც ლოგიკაა და არც სამართლიანობა. თუ სამართლიანად მოხდება გადაწყვეტილების მიღება, რეფორმებზე და კანდიდატის სტატუსისადმი ქვეყნის თავსებადობაზე დაყრდნობით, მაშინ გვეკუთვნის კანდიდატის სტატუსის მიღება და თუ სხვა მიზეზებია, მაშინ ევროკავშირმა თავად უნდა ახსნას ეს ყველაფერი და ჩემი აზრით, მარტივი ასახსნელი არ იქნება. ამიტომ, ველოდები, რომ ლოგიკური და სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება. ჩვენ ათეულობით წელია, ამ გზას ვადგავართ და ეს არ უნდა შეეწიროს ვიწროპოლიტიკურ კინკლაობას და მცირე ჯგუფების ინტერესებს“, - აცხადებს ამირან სალუქვაძე.

 

ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ ამ პროცესში მნიშვნელოვანია, ოპოზიციამ თავისი როლი გაიაზროს და თუ საჭირო იქნება, ხელისუფლებასთან დათმობებზეც წავიდეს.

 

„ყველა, ვინც თუნდაც მცირე ნაბიჯს დგამს იქითკენ, რომ შეაფერხოს კანდიდატის სტატუსის მინიჭება, აზიანებს როგორც ქვეყნის, ისე თითოეული იმ მოქალაქის ინტერესებს, რომლისთვისაც ევროინტეგრაციის პროცესი მნიშვნელოვანია. ეს არ არის მათი ვიწრო პოლიტიკური ინტერესი, ეს ქვეყანას ეხება და ვალდებული არიან, გვერდზე გადადონ თავიანთი პოლიტიკური ამბიციები და მაქსიმუმი გააკეთონ იმისთვის, რომ 12 პუნქტთან მიმართებით, რაიმე პრეტენზია არ იყოს და თუ საჭიროა, დათმონ კიდევაც, რაშიც ვერ თანხმდებიან ხელისუფლებასთან, რადგან საბოლოო ჯამში, მაინც ქვეყნის ინტერესი უნდა იდგეს წინა პლანზე, თუმცა, ამას ვერ ვხედავთ“, - ამბობს ამირან სალუქვაძე.

 

ცნობისთვის, 1 ივნისს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მონაწილეობა მიიღო ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) ფარგლებში გამართულ თემატურ დისკუსიაში, სახელწოდებით - „უსაფრთხოება“, რომელიც მრგვალი მაგიდის ფორმატში ჩატარდა.

 

თემატური დისკუსია ორი ქვეყნის - გაერთიანებული სამეფოსა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრების თანათავმჯდომარეობით გაიმართა. ლიდერებმა ევროპის კონტინენტზე მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად გადასადგმელ ნაბიჯებსა და ძალისხმევაზე ისაუბრეს.

 

დისკუსიის ფარგლებში ასევე აქტუალური იყო საქართველოს საკითხი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული სახელმწიფოების ლიდერებთან ისაუბრა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზე და რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე.

 

მრგვალი მაგიდის დისკუსიაში ასევე მონაწილეობდნენ ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა, ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური კანცლერი კარლ ნეჰამერი, ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი პიოტრ ფიალა, ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა, ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრი ხავიერ ბეტელი, სლოვაკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ლუდოვიტ ობორი, შვედეთის პრემიერ-მინისტრი ულფ კრისტერსონი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner