ზუგდიდში, მიმდინარე წელს 19 სოციალურად დაუცველ ოჯახს ახალი სახლი აუშენდება. 16 სახლის მშენებლობა უკვე მიმდინარეობს, სამის მშენებლობაზე კი ტენდერი გამოცხადებულია. სოციალური სახლები ახალი დიზაინით აშენდება. განახლებული პროექტით, გაზრდილია გაბარიტული ზომები, დაერთებულია კომუნიკაციები.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ოჯახებს და მცირეწლოვან შვილებს მთლიანად მოუგვარდებათ საცხოვრისის პრობლემა, ექნებათ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სახლები. ეს არის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ექსკლუზიური პროგრამა და 2015 წლიდან აშენდა 141 სახლი მძიმე საცხოვრებელ პირობებში მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის“, - განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ, რომელიც სოფელ ორულუში კაპიტონ ჯიჭონაიას სახლის მშენებლობის პროცესს მის პირველ მოადგილესთან და ზუგდიდის მერთან ერთად გაეცნო.
კაპიტონ ჯიჭონაიას ოთხსულიან ოჯახს, სადაც ოჯახის ორი წევრი მცირეწლოვანია, საცხოვრებელი სახლი დაეწვათ, აგვისტოს ბოლოს კი მათ ახალი კეთილმოწყობილი სახლი გადაეცემათ.