logo_geo
eng_logo
„საქართველოს ებრაელთა კავშირი“ განცხადებას ავრცელებს
- +

2 ივნისი. 2023. 17:39

 

 

ჩვენი ქვეყნის ებრაელები აღაშფოთა ინფორმაციამ ევანგელურ-ბაპტისტურ ეკლესიაში ე.წ. სინაგოგის გახსნის შესახებ. ვთვლით, რომ ეს არის საქართველოს ებრაელთა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა და პროვოკაცია, რომელიც დაგეგმილია არა მხოლოდ ჩვენს მიმართ. ეს გახლავთ  ჩვენს ქვეყანაში საუკუნეების განმავლობაში დამკვიდრებული ტოლერანტული გარემოს დარღვევის მცდელობა, რომელიც თავისთავად გამოიწვევს სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენელთა დაპირისპირებას და აგრეთვე, განხეთქილებას ებრაულ თემში. ამგვარი ქმედებების გაგრძელება შექმნის დესტაბილიზაციის ახალ კერებს, რაც თავისთავად ეჭვქვეშ დააყენებს ქვეყნის ღირსეულ წარსულს, აწმყოსა და საფრთხეს შეუქმნის მომავალს.

 

„საქართველოს ებრაელთა კავშირი“ მოუწოდებს ქვეყანაში მცხოვრებ ყველა ებრაელს:  ნუ აჰყვებით  გარე ძალების მიერ თავსმოხვეულ და ამავე ძალებთან მიტმასნილი გრანტდამოკიდებული თითო-ოროლა სუბიექტის ბინძურ პროვოკაციას, შეინარჩუნეთ სიმშვიდე!

 

გარწმუნებთ, რომ უპასუხოდ არ დარჩება ჩვენი რელიგიური სიწმინდეების  და ლოცვების ჩატარების მრავალსაუკუნოვანი ტრადიციებისა და წესების შეურაცხყოფა.

 

ყველა იმ ებრაელს, ვინც ხელს შეუწყობს რელიგიური წესების უხეშ დარღვევას,  დაეკისრება განსაკუთრებული მორალური პასუხისმგებლობა ღმერთისა და ჩვენი ერის წინაშე.

 

ამასთანავე, მივმართავთ ჩვენი ქვეყნის ყველა რელიგიის მიმდევარს: გთხოვთ, პატივი ეცით და დაიცავით ის წესები და კანონები, რომელსაც თქვენი სარწმუნოება გკარნახობთ. ერთობითა და მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნებით  განვამტკიცოთ ჩვენი საერთო ქვეყნის სტაბილურობა, განვითარება და წარმატებული მომავალი.

 

მივმართავთ ქვეყნის უმაღლეს ხელისუფლებას, საქართველოში მოქმედ რელიგიურ კონფესიებს, რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახალხო დამცველს, - მოსალოდნელი საშიშროებების პრევენციის მიზნით იმოქმედონ ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში, გამოიყენონ შესაბამისი რეგულაციის მექანიზმები, რათა არ მოხდეს სიტუაციის უკიდურესად დაძაბვა და აღიკვეთოს დაგეგმილი პროვოკაციული ქმედებები. 

 

მოვუწოდებთ ამ მკრეხელურ აქტში მონაწილე ყველა ებრაელს, დროულად შეინანონ ჩადენილი დანაშაული ღმერთის და საკუთარი ხალხის წინაშე. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი სამარცხვინო ადგილს დაიმკვიდრებენ ჩვენს  საზოგადოებაში.  

 

მოგიწოდებთ საქართველოს ყველა ებრაელს - შევიკრიბოთ თბილისის დიდ სინაგოგაში 5 ივნისს, 19 საათზე არსებული სიტუაციის გასარკვევად, რათა ერთობლივად დავსახოთ გეგმები ხელოვნურად  შექმნილი პრობლემის გადასაჭრელად.

 

კიდევ ერთხელ ხაზგასმით გთხოვთ, არ ავყვეთ პროვოკაციას და ჩვენი ერისთვის ჩვეული სიმშვიდითა და სიბრძნით თავიდან ავიცილოთ დაძაბულობა ქვეყანაში და დაპირისპირება ადგილობრივ თემში. 

 

მსოფლიოს ქართველ ებრაელთა მთავარი რაბინი - იაკობ გაგულაშვილი

თბილისის დიდი სინაგოგის რაბინი  - რახამინ მურდუხაშვილი

ბეით რახელის სახელობის სინაგოგის რაბინი  - ავი მელეხ როზენბლატი

რაბინი - არონ მდინარაძე

რაბინი - მიხეილ ხანანაშვილი

რაბინი - მეირ კოზლოვსკი

რაბინი - ბენციონ ისრაელაშვილი

„საქართველოს ებრაელთა კავშირის“ თავმჯდომარე, თბილისის დიდი სინაგოგის გამგეობის თავმჯდომარე  (გაბაი) - მერაბ ჩანჩალაშვილი

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner