logo_geo
eng_logo
პროექტი პროექტში და ქიზიყური დიპლომატია
- +

3 ივნისი. 2023. 19:12

 

 

გალაკტიონი ბრძანებს - „წვეთი სისხლი არ არის ჩემში არაქართული, ძაფი ნერვის არ არის ჩემში არაპოეტის“. არ ვიცი, რამდენი წვეთი უკრაინული სისხლია ზელენსკის ძარღვებში, მაგრამ დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ძაფი ნერვის არ არის მასში პოლიტიკოსის და რაიმე გადაწყვეტილების მიმღების.

 

პოლიტიკური პერსონის ზოგიერთი ნეგატიური ქმედება ან ქმედებათა ერთობლიობა სხვადასხვა დამაკნინებელი ეპითეტით ხასიათდება ხოლმე. მაგალითად, როცა ვინმეზე იტყვიან. მარიონეტია, აგენტია ან პოლიტიკური პროსტიტუტკაა, ამისთვის წინასწარ ბოდიშს არ იხდიან, რადგან საზოგადოდ მიღებული, ფართოდ დამკვიდრებული ტერმინებია. მთავარია, შეფასებები ფაქტებითა და არგუმენტებით იყოს გამყარებული.

 

მთელი მსოფლიო თანხმდება, რომ ომი უკრაინაში არის ომი რუსეთსა და ამერიკას შორის, მორიგი გადანაწილების პროცესში მათთვის სასურველი ახალი ბალანსის მისაღწევად. როგორც ყველა ომს, ამ უკანასკნელსაც ბევრი უსამართლობა ახლავს თან. ათადან და ბაბადან, მასშტაბურ ომებში მოხალისეთა და დაქირავებულ მებრძოლთა ჩართულობა ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ არ მახსენდება მაგალითი, როცა წარმატების მოსაპოვებლად ერთი რომელიმე მხარის ბრძოლა მთლიანად გარეშე ძალაზე ყოფილიყოს დამყარებული - უკრაინის ომში რუსეთი თუ მხოლოდ შიდა ადამიანური რესურსის იმედად არის, ამერიკა უკრაინელი კაცებისა და ქალების ხარჯზე ცდილობს საკუთარი სახელმწიფოებრივი მიზნების მიღწევას.

 

უკვე ეს ფაქტი იძლევა მყარი დასკვნის საფუძველს, რომ გეგმის „წარმატებისთვის“ არ არის საკმარისი, სხვისი ომის „მთავარი როლის“ შემსრულებელი იყოს უბრალოდ აგენტი, პროსტიტუტკა, ან მარიონეტი - ის იმავდროულად დიდი ნაძირალაც უნდა იყოს, შინაგანად გახრწნილი არსება... შედარებისთვის, სააკაშვილი დიდი ნაძირალა რომ არ ყოფილიყო, ამდენ სისაძაგლეს და სიბინძურეს ვერ ჩაიდენდა.

 

„დიდი ნაძირალაა, მაგრამ ჩვენი ნაძირალაა“ - ამ პრინციპით მუშაობს ამერიკის შეერთებული შტატები ყველა იმ ქვეყანაში, სადაც მძიმე (ძალიან რბილი სიტყვაა) პროექტების რეალიზებას ახდენს ხოლმე. 

 

სერიალის ეკრანიდან საინფორმაციოების ეკრანებზე გადასკუპებული, „გლობალური ომის პარტიის“ მიერ წაქეზებული პერსონაჟის თავხედურ და შეურაცხმყოფელ „განავარდებებს“ საქართველოსა და ქართველი ხალხის თავმოყვარეობაზე ბოლო არ უჩანს. არადა, რა გინდა რომ ქნა? - „ომშია კაცი და არ უნდა დავუპირისპირდეთო(!)“ - „უკრაინელი მთავარსარდლის“ მდაბიურ მეტყველებას ჩვენი ქიზიყი პრემიერი მეტყველი დუმილით პასუხობს ხოლმე.  

 

საზოგადოების გარკვეული ნაწილი პრემიერის მეტყველი დუმილის ასეთ ინტერპრეტაციას იძლევა - ქვეტექსტში მის კუთხეში უხსოვარი დროიდან დამკვიდრებული „დიპლომატიის ნიმუში“ იკითხება - „ვირის (ანუ „პროექტის“) წიხლი რა საწყენიაო“. შეიძლება არც ცდებიან. მე და ჩემი სამეგობრო კი, იმ დღიდან მოყოლებული, რაც ბოლო დროს ერთობ მოსუქებულმა „გმირმა“ („უძილო ღამეებმა“ იცის) ჩვენგან ელჩი გაიწვია, ანუ პირველი დიდი შეურაცხყოფა მოგვაყენა, მის „პოლიტიკურ აქტივობებს“ სრულიად განსხვავებული, ასევე ჩვენი პრემიერის მხარეში „კარგად აპრობირებული“ სიტყვათა წყობით „ვაფასებთ“ ხოლმე - „შენი დამსმელის (პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით) ასე და ისე-თქო...“

რა დასამალია და ასეა მთელი საქართველო.

 

ბიძინა  დვალი

03.06.2023 წ.

 

P.S. პირადად ჩემთვის, სიტყვა „საწყენია“, განხილულ კონტექსტში, სულ სხვა ემოციებთან არის დაკავშირებული - საწყენია, რომ ოკეანის გაღმელმა და გამოღმელმა სცენარისტებმა და რეჟისორებმა დიდ პოლიტიკურ თამაშებში „საზარბაზნე ხორცის“ როლი კეთილ და მშრომელ უკრაინელ ხალხს განუსაზღვრეს; საწყენია, რომ „საზარბაზნე ხორცის“ მეორეხარისხოვანი როლისთვის ქართველი ხალხი ჰყავთ შერჩეული...

 

შეხსენებისთვის, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ თავს ნუ დავიმშვიდებთ. „მსოფლიოში მშვიდობისთვის“ „გმირულად შეწირულის“ როლზე ჩვენი მტკიცე უარი ვერ იქნება ურყევი გარანტი სისხლზე დაგეშილი მონსტრების გაშმაგებულ შემოსევაში. ომის დასრულებამდე, როგორც მინიმუმ, ფხიზლად უნდა ვიყოთ - ასი თვალი და ასი ყური... 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner