logo_geo
eng_logo
ბადრი ვადაჭკორია: მთელი ჩემი ცხოვრება მივუძღვენი იმას, რომ ქართველისთვის შემეყვარებინა საქართველო
- +

4 ივნისი. 2023. 15:18

 

 

- ბატონო ბადრი, თქვენს ბავშვობაში ფოტოაპარატი სავარაუდოდ ბევრს არ ჰქონდა და არც ფოტოგრაფია იქნებოდა გავრცელებული პროფესია. როდის და რა ვითარებაში გაგიჩნდათ სურვილი, თავი ფოტოგრაფიისთვის მიგეძღვნათ და პირველად, ცხოვრების რომელ ეტაპზე შეხვდით ერთმანეთს თქვენ და ფოტოაპარატი?

 

- ეს მოხდა შორეულ 60-იან წლებში, როცა ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ვიყავი... მეზობელმა ყველაზე მარტივი, უბრალო და იაფიანი, თუ სწორად მახსოვს, შვიდმანეთიანი ფოტოაპარატი „სმენა“ მოიტანა, რამდენჯერმე „ჩამაჩხაკუნებინა“ და იქიდან დაიწყო ჩემი და ფოტოაპარატის მეგობრობაც... ეს ნათხოვარი ფოტოაპარატი გადავიკიდე და ამაყად დავიწყე სიარული ლანჩხუთის ქუჩებში და საინტერესო კადრების აღბეჭდვა. 13 თუ 14 წლის ვიყავი, როცა აღმოვაჩინე ბატონი გურამ თიკანაძე - ერთ-ერთი საუკეთესო ფოტორეპორტიორი და ბრწყინვალე ჟურნალისტი და მისი გავლენით მექცა ოცნებად, მეც გავმხდარიყავი ფოტორეპორტიორი. მალევე მამაჩემმა ნიკოლოზ ვადაჭკორიამ მიყიდა ჩემი პირველი ფოტოაპარატი „ზორკი S“, რომელიც „ლეიკას“ საბჭოთა ანალოგი იყო, „ლეიკა“ კი, მოგეხსენებათ, ფოტოინდუსტრიაში დაახლოვებით იგივეა, რაც ავტოინდუსტრიაში „როლს-როისი“. იმ ფოტოაპარატით გადაღებული კადრები კიდევ მაქვს შემონახული. სკოლის ბოლო წლებში ფოტოგადაღების პარალელურად დავიწყე წერაც და ასე აღმოვჩნდი ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილებაზე. ჩემი სტატიები ფოტოებთან ერთად იბეჭდებოდა გაზეთებში „კომუნისტში“, „ლელოში“, „სოფლის ცხოვრებაში“... ჩემი ასაკის ლანჩხუთელი ბიჭისთვის, ეს უდიდესი პატივი იყო.

 

- ჟურნალისტიკა მაშინ ასეთი გაუფასურებული პროფესია არ იყო, რამდენადაც დღესაა და არც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის განყოფილებაზე მოხვედრა იქნებოდა დღევანდელივით მარტივი. თუ არ ვცდები, სულ ათი ახალგაზრდა ირიცხებოდა წლის განმავლობაში ამ მიმართულებაზე... ლანჩხუთელმა ბიჭმა როგორ მოახერხეთ ამ დიდ კონკურენციაში გამარჯვება და საოცნებო ფაკულტეტზე ჩაბარება?

 

- მახსოვს, უდიდესი სიხარული განვიცადე, როცა ჩავირიცხე, მაგრამ ერთ რამეზე საოცრად დამწყდა გული... მამაჩემს, როგორც ომის ვეტერანს, ჰყავდა სახელმწიფო ავტომობილი - მწვანე „ზაპოროჟეცი“ და განვიცდიდი, თბილისში წამოსვლის გამო, ამ მანქანის ლანჩხუთში დატოვება რომ მომიწევდა (იცინის). ისე კი, იღბლიანი ადამიანი ვარ და ამანაც განაპირობა ასეთ პრესტიჟულ ფაკულტეტზე ჩემი მოწყობა. მახსოვს პირველ გამოცდაზე თავისუფალი თემა დავწერე ვაჟა-ფშაველაზე, ვიფიქრე, ჩამჭრიან, ჩემი თვალით დანახული ვაჟა ვის დააინტერესებს-მეთქი, მაგრამ არა! მივიღე ოთხიანი, რასაც ასეთ კონკურენციაში ექვსიანის ფასი ჰქონდა (ისევ იცინის). ქართულ გრამატიკაზე ძალიან ბუნდოვანი წარმოდგენა მქონდა და მიუხედავად იმისა, რომ ატესტატში ერთი სამიანიც კი არ მქონია (სულ ოთხიანები მქონდა „ჩაწიკწიკებული“, მათ შორის ყოფაქცევაშიც), გრამატიკაში სამწუხაროდ სამიანი დავიმსახურე. შემდეგ იყო ისტორია, რომელიც ისე კარგად დავწერე, რომ ლამის მეც კი მომეწონა, ბოლოს კი მქონდა გამოცდა ფრანგულში, რომელსაც, გეცოდინებათ ალბათ, როგორ „ვაბულბულებ“ (იცინის).

 

- და ასე იქცა ჟურნალისტიკაცა და ფოტოგრაფიაც თქვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად... ამ გადასახედიდან როცა აფასებთ განვლილ გზას, ოდესმე ხომ არ გინანიათ ამ პროფესიებისთვის ცხოვრების მიძღვნა და ხომ არ გქონიათ დღე, როცა გიფიქრიათ, რომ ჯობდა, სხვანაირად წასულიყო ჩემი ცხოვრებაო?

 

- არასოდეს! რაც დრო გადის, მით უფრო მეტად ვხვდები, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე, რადგან ჩემი ჰობიცა და პროფესიაც ერთმანეთს ემთხვევა და მიხარია ყოველი ახალი დღის გათენება, რადგან შემიძლია, ისევ ავიღო ხელში ფოტოაპარატი და გადავიღო ახალ-ახალი საინტერესო და უნიკალური კადრები. მე ახლაც სწავლის პროცესში ვარ და ალბათ სწორედ ეს ფაქტორი განაპირობებს იმას, რომ არასოდეს მომბეზრებია სამყაროს აღქმა ფოტოაპარატის ობიექტივიდან... ვცდილობ, დავინახო სილამაზე ჩვენს სამყაროში და ეს სილამაზე დავანახო სხვასაც. ვნანობ ერთადერთ რამეს,  რომ ყველგან და ყოველთვის არ მქონდა ფოტოაპარატი თან და სწორედ ამიტომ, საუკეთესო კადრები, ალბათ, თვალით მაქვს გადაღებული... ფოტოგრაფია არ კარგავს აქტუალობას და მას უდიდესი როლი აქვს საზოგადოების ცხოვრებაში. ნებისმიერი სტატია შეგიძლია დაწერო, წაშალო, თავიდან დაწერო, გადააკეთო და შეკვეცო მანამ, სანამ ის არ მიიღებს სრულყოფილ ფორმას, ფოტოაპარატს კი ერთხელ ჩააჩხაკუნებ და მორჩა, ისტორია სამუდამოდ აღბეჭდილია და მისი შეცვლა და გადაკეთება ვეღარ მოხდება.

 

- ხელოვანი ადამიანების ნაწილი ამბობს, რომ არ შეუძლია საკუთარი შემოქმედებიდან გამოყოს გამორჩეულად საყვარელი ნაწარმოები, ლექსი, რომანი, სიმღერა თუ კინოროლი, ხელოვანთა მეორე ნაწილი კი, ერთი მათგანით განსაკუთრებულად ამაყობს... ხელოვანების რომელ ნაწილს განეკუთვნებით თქვენ და თუ შეგიძლიათ გამოარჩიოთ თქვენი საყვარელი ფოტო?

 

- თავმდაბლობის გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ ჩემს კოლექციაში არსებობს განუმეორებელი კადრები. აღბეჭდილი მაქვს ისტორიული კადრები, მათ შორის ეროვნული მოძრაობის ლიდერების, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას უნიკალური პორტრეტები... ეს პორტრეტები ჩემთვის ძალიან ძვირფასია. ისე კი, ძალიან მიყვარს შვეულმფრენიდან გადაღებული ალავერდისა და უშბას კადრები, რომლებიც მაშინ აღვბეჭდე, როცა ფირზე სულ ორი თუ სამი კადრიღა მქონდა შემორჩენილი.

 

- და მაინც, პორტრეტების გადაღება უფრო გიყვართ თუ პეიზაჟების?

 

 

- 80-იანი წლების ბოლოს არ გამომიტოვებია არცერთი მიტინგი და დიდ სიამოვნებას ვიღებდი, როცა ამ ისტორიულ მოვლენებს ვაშუქებდი... დღეს კი უფრო ნეიტრალური და მშვიდი კადრების გადაღება მიყვარს, ქუჩის პორტრეტებისა თუ ქალაქის სხვადასხვა ქუჩის დეტალების. ჩვენი ქალაქის თითოეულ კუთხეში აუცილებლად იპოვით წარმოუდგენლად ლამაზსა და საინტერესო კადრს.

 

- თქვენ 18 საავტორო ალბომის „ჩემი საქართველო“ ავტორი ხართ, ახლახან კი გახსენით სახელობითი ფოტოგალერეაც... როგორ გაჩნდა ეს იდეა და ტურისტები უფრო ხშირად სტუმრობენ თქვენს გალერეას თუ ქართველები?

 

- ორივე! სწორად აღნიშნეთ, ვარ 18 საავტორო ალბომის ავტორი და გარდა ამისა, „პალიტრა L“-თან ერთად გამოცემული მაქვს კიდევ 14 წიგნი. იდეის ავტორი მე ვარ და ამ წიგნებში შესული ფოტოების თითქმის 50%-იც მე მეკუთვნის. რაც შეეხება ჩემს ფოტოგალერეას, რომელიც ვაკეში, აბაშიძის #17-ში მდებარეობს... მოგეხსენებათ, ვაკე არ არის ტურისტული ადგილი და სწორედ ამიტომ, ონლაინ-გაყიდვები უფრო აქტიურად მუშაობს, თუმცა იმედი მაქვს, მომავალში უფრო დიდი ინტენსივობით მივიღებთ სტუმრებს, რომლებიც ადგილზევე შეარჩევენ მათთვის საინტერესო და სასურველ სურათებს. ძალიან ბევრი საინტერესო და ორიგინალური კადრი გვაქვს გამოფენილი და ფასებიც მინიმალურია, რათა ბევრმა ადამიანმა მოახერხოს მისი შეძენა და საქართველოს შეყვარება.

 

- ბევრი ეტაპი გამოიარეთ თქვენც და ფოტოაპარატმაც და შეიძლება ითქვას, რომ ის ახლა გაცილებით სხვანაირია, ვიდრე მაშინ, როცა თქვენ პირველად დაიჭირეთ ხელში... მაღალი ხარისხის ფოტოაპარატი უკვე ჩვენს პატარა მობილურ ტელეფონებშიც კი ჩაეტია და შეიძლება ითქვას, რომ მობილურმა ყველანი გვაქცია მცირე დოზით ფოტოგრაფებად... თქვენი აზრით, ეს ფაქტი ფოტოგრაფიის, როგორც პროფესიის არსებობას ხომ არ დააყენებს საფრთხის ქვეშ?

 

- ჯერჯერობით ასეთ საშიშროებას ვერ ვხედავ. ფუნჯი და ტილოებიც ყველა კუთხეში იყიდება, მაგრამ ამას დიდი მხატვრების რაოდენობა არ გაუზრდია. ტელეფონით რეპორტაჟები უცხოეთიდან მეც გამიკეთებია და ეს მართლაც არაჩვეულებრივი საშუალებაა, მაგრამ მობილური ტელეფონი ვერ შეცვლის ფოტოაპარატს. მთავარი კი მაინც ისაა, თუ ვინ დგას კამერისა თუ ტელეფონის უკან და როგორი ხედვა აქვს მას.

 

- ბატონო ბადრი, ფოტოგრაფების როგორი თაობა მოდის და რას ურჩევდით ახალგაზრდებს?

 

- ძალიან ნიჭიერი თაობა მოდის და არის დიდი კონკურენცია, რაც ძალიან მახარებს. ვურჩევ, გადაიღონ ბევრი კადრი, გადაიღონ სხვადასხვა რაკურსით და რაც მთავარია, გადაიღონ ის, რაც მათ თავად მოსწონთ. პირადად მე არ მიყვარს დადგმული კადრები და ცხოვრებაში არც დამიდგამს არცერთი კადრი, არცერთი პორტრეტი... ვიღებ იმას, რასაც ვხედავ იმ მომენტში... ახალგაზრდებასც იმავეს გაკეთებას ვურჩევდი.

   

- და ბოლოს, თქვენ უამრავი პრიზისა თუ ჯილდოს მფლობელი ხართ... რამდენად მნიშვნელოვანია ხელოვანისთვის მათი მიღება, რომელი მათგანის მიღებამ გაგახარათ განსაკუთრებულად და რომელიმე საერთაშორისო ჯილდოს მიღებაზეც ხომ არ ოცნებობთ?

 

- რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ჯილდოები და გამიხარდა ყველა მათგანის მიღება. ვარ „ოქროს ფრთის“ მფლობელი, ასევე სახელმწიფო პრემიის ლაურეატიც, მაგრამ თბილისის საპატიო მოქალაქის წოდებამ განსაკუთრებულად გამახარა. „ლანჩხუთელი ბიჭისთვის“ ასეთი აღიარება მილიონნახევრიან დედაქალაქში, ძალიან საამაყოა. რაც შეეხება საერთაშორისო ჯილდოებს, ამაზე არასოდეს მიოცნებია, რადგან ჩემი ცხოვრება მივუძღვენი ჩემს ქვეყანას და იმას, რომ ქართველისთვის შემეყვარებინა საქართველო, ასე რომ, ჩვენი ჯილდოები და აღიარებაც ძალიან მაკმაყოფილებს და მაბედნიერებს. 26 მაისს გაიხსნა ჩემი გამოფენა გერმანიაში, მაგრამ არ წავედი, რადგან ჩემთვის მთავარი იყო, აღმებეჭდა ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი დღე - დამოუკიდებლობის დღე ფოტოკადრებად.

 

ბადრი ვადაჭკორიას ფოტოების სანახავად ეწვიეთ მის ფეისბუქ-გვერდს:

 

 https://www.facebook.com/Badrivadachkoriaphoto/photos 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner