„ხომ არ ქმნიან ისეთ ატმოსფეროს, აჟიოტაჟს, რომ ეჭვმა გამოიწვიოს ხალხის ქუჩაში გამოყვანა? რეალური ფაქტების ნაცვლად აღქმებით იყოს ჩვენი საზოგადოება მანიპულირებული“, - განუცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ „იმედის კვირას“ რადიკალური ოპოზიციის მიერ პრემიერ-მინისტრის განცხადების დამახინჯების გამო, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა თითქოს, 2008 წლის ომის დაწყება ნატოს დააბრალა.
„პრემიერ-მინისტრის გამოთქმის ესოდენ დამახინჯებული ინტერპრეტაცია, რასაკვირველია, სერიოზულ კითხვებს აჩენს: ხომ არ არის დამოკიდებულებები ჩამოყალიბების პროცესში? ხომ არ არის ეჭვი იმასთან დაკავშირებით, თუ რა საგარეო კურსი გვაქვს, მაშინ როდესაც ეჭვის არანაირი საფუძველი არ არსებობს? ხომ არ ქმნიან ისეთ ატმოსფეროს, აჟიოტაჟს, რომ ამ ეჭვმა გამოიწვიოს ხალხის ქუჩაში გამოყვანა? ამ აღქმამ გამოიწვიოს რეალური ფაქტების დამცირება, დაქვეითება და რეალური ფაქტების ნაცვლად აღქმებით იყოს ჩვენი საზოგადოება მანიპულირებული“, - განაცხადა ვოლსკიმ.
ბრატისლავის უსაფრთხოების ფორუმზე ირაკლი ღარიბაშვილმა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის მიზეზებზე ისაუბრა და ერთ-ერთ ასეთ ფაქტორად უკრაინის ნატოში გაწევრიანებისკენ სწრაფვა დაასახელა. მის ამ განცხადებას რადიკალური ოპოზიციის კრიტიკა მოჰყვა. თუმცა, იმაზე, რომ უკრაინაში ომის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ნატოს გაფართოების პერსპექტივაა, მსოფლიო ლიდერები მუდმივად საუბრობენ.