logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: გამოდის, რომ ევროკავშირის გამო დაიწყო პუტინმა აგრესია - ეს განცხადება [ფონ დერ ლაიენის] მისაღებია, ხოლო პუტინმა აგრესია NATO-ს გამო დაიწყო - ეს განცხადება [ირაკლი ღარიბაშვილის] მიუღებელია?
- +

5 ივნისი. 2023. 10:14

 

 

„რუსეთის ქმედებებზე ჩვენი პასუხი ხომ ყოველთვის იყო ის, რომ ვინ რომელ ალიანსში გაწევრიანდება, ეს არ არის არავის საქმე. მაგალითად, ამ შემთხვევაში, NATO არ მიაქცევს ყურადღებას, რას იტყვის პუტინი“, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ ხალხის ძალის ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა ისაუბრა.

 

მისი თქმით, როდესაც საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინის NATO-სკენ სწრაფვა გახდა რუსული აგრესიის მიზეზი, ამას მოჰყვა კრიტიკა ქვეყნის შიგნით რადიკალური ოპოზიციისა და „ენჯეოებისგან“, ასევე იმ ევროპარლამენტარებისგან, რომლებიც მუდმივად „ნაციონალურ მოძრაობას“ ლობირებენ და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საქართველოს ხელისუფლება დააზიანონ საერთაშორისო ასპარეზზე. ხოლო როდესაც მსგავსი შინაარსის განცხადებები არაერთმა ევროპელმა ლიდერმა გააკეთა, ეს ყველასთვის მისაღები აღმოჩნდა.

 

„მოდი ეს კრიტიკოსები გავყოთ ორ ნაწილად. პირველი არის ქართული ოპოზიცია თავისი „ენჯეოებით“ და მეორე - ის ევროპარლამენტარები, რომლებიც მუდმივად „ნაციონალურ მოძრაობას“ ლობირებენ და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საქართველოს ხელისუფლება დააზიანონ საერთაშორისო ასპარეზზე. აღარ გავამახვილებ ყურადღებას მათ განცხადებებზე, თუმცა იყო სხვა ტიპის განცხადებებიც, რომლებიც არ მგონია, რომ ძალიან სამართლიანი იყო. ღარიბაშვილმა რეალურად თქვა  - რუსეთმა თავისი აგრესია იმით ახსნა, რომ NATO-ს გაფართოებას არ დაუშვებდა. ეს არ იყო ის, რაც მხოლოდ ღარიბაშვილმა თქვა. იგივე თქვა, მაგალითად, დასავლეთში ყველაზე ცნობილმა პოლიტოლოგმა და ყოფილმა პოლიტიკოსმა, ჰენრი კისინჯერმა, რომელმაც პირდაპირ განაცხადა - რუსეთმა გამოგვიცხადა, რომ არ დაუშვებდა NATO-ს გაფართოებას და ჯერ კიდევ 2014 წელს ვამბობდი, რომ აქ სიფრთხილე იყო საჭიროო.

 

იგივე აქვს ნათქვამი თავის დროზე - გასული წლის მარტში უკრაინის პრეზიდენტს და არაერთ ევროპელ პოლიტიკოსს. ასე რომ, აქ ახალი არაფერი იყო. ეს აგრესიის გამართლება კი არ იყო, არამედ ნიშნავს იმას, რომ თუ რუსეთი მუდმივად ამბობდა, რომ მისთვის წითელი ხაზები გადის სადღაც, ჩვენი პასუხი ხომ ყოველთვის იყო ის, რომ ვინ რომელ ალიანსში გაწევრიანდება, ეს არ არის არავის საქმე. მაგალითად, ამ შემთხვევაში, NATO არ მიაქცევს ყურადღებას, რას იტყვის პუტინი.

 

იმავე კონფერენციაზე კიშინიოვში ფონ დერ ლაიენმა თქვა, რომ ევროკავშირისკენ უკრაინის სწრაფვა იყო სწორედ ის მიზეზი, რის გამოც დაიწყო პუტინმა მის წინააღმდეგ აგრესია. გამოდის, რომ ევროკავშირის გამო დაიწყო პუტინმა აგრესია, ეს განცხადება მისაღებია, ხოლო პუტინმა აგრესია NATO-ს გამო დაიწყო - ეს განცხადება მიუღებელია?“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner