შოთა დიღმელაშვილი: გიგა ბოკერიას პოზიცია კანდიდატის სტატუსის არმიღებაზე ქვეყნისთვის ძალიან საზიანოა
-
+
5 ივნისი. 2023. 10:45
„ბოკერიას ვიდეო შეარდება აქტიურად, რომელშიც ჩანს, რომ არ უნდა საქართველომ ქართული ოცნების მმართველობის პირობებში კანდიდატის სტატუსი მიიღოს. მსგავსი პოზიცია არა მხოლოდ ოპოზიციისთვის, არამედ ქვეყნისთვის ძალიან საზიანოა“, - ამის შესახებ მოძრაობა „სირცხვილიას“ ერთ-ერთი ლიდერი შოთა დიღმელაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას განცხადებას ეხმიანება იმის შესახებ, აქვს თუ არა აზრი კანდიდატის სტატუსის მიღებას „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში.
დიღმელაშვილის თქმით, არასწორია სტატუსის წინააღმდეგ ბრძოლა ოპოზიციის მხრიდან.
„ბოკერიას ვიდეო შეარდება აქტიურად, რომელშიც ჩანს, რომ არ უნდა საქართველომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში კანდიდატის სტატუსი მიიღოს. იძახის, ქოცები ევროკავშირში მაინც ვერ შეგვიყვანენ და რა აზრი აქვს, პირიქით, „ოცნების“ პოზიციებს გაამყარებსო (ლინკი კომენტარებში).
ჩემი აზრით, ეს არგუმენტი მცდარია, ხოლო მსგავსი პოზიცია არა მხოლოდ ოპოზიციისთვის, არამედ ქვეყნისთვის ძალიან საზიანოა:
- სტატუსის შანსი ამ კონკრეტულ მომენტში გვაქვს და ეს შანსი საქართველოს „ბრალი“ არ არის. ხვალ გეოპოლიტიკური სენტიმენტი როგორი იქნება, არავინ იცის და სტატუსი შეიძლება იქცეს ერთგვარ „მოძრავ სამიზნედ“, რომელსაც ვერ მოვარტყამთ ვერცერთი ზოგადი პუნქტის შესრულებით - როგორც ევროპული პერსპექტივა იყო მოძრავი სამიზნე, ახლა კი დაუმსახურებლად მივიღეთ.
- გარდა იმისა, რომ სტატუსზე უარს „ქართული ოცნება“ საქართველოში დასავლეთის პოზიციების შესასუსტებლად გამოიყენებს, ანგარიშში მისაღებია ისიც, რომ როცა ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატია, ევროკავშირს ბევრად მეტი ბერკეტი აქვს ქვეყნის დემოკრატიზაციაზე პოზიტიური ზემოქმედებისთვის. მარტო შიდა რესურსით ოპოზიცია რომ ვერაფერს ახერხებს, თვალი უნდა გავუსწოროთ.
- კარგი იქნება, ხანდახან „იმედსაც“ უყურონ და მათი მესიჯბოქსი პრევენციულად გააბათილონ, ნაცვლად პოსტ-ფაქტუმ დევნისა: მთელი სახელისუფლებო პროპაგანდა იმაზეა აგებული, რომ თავად სტატუსისთვის მუშაობენ, მაგრამ რადიკალური ოპოზიცია და გლობალური ომის პარტია ამას არ აცდის. ხმამაღლა იმის ყვირილი, რომ სტატუსი არ უნდა მოგვცენ, ამ პროპაგანდას აპრავებს და ვერანაირი დებანქინგი ევსაქების „გარაჟის პოდკასტებში“ ამ პროპაგანდას ძალას ვერ გამოაცლის, თუ საჯარო პოზიცია ისეთი გაქვს, რომ სტატუსის ვერმიღება მარტივად გადააბრალონ ოპოზიციას.
მართლა ისე რომც იყოს, როგორც იძახის, მაინც არასწორია სტატუსის წინააღმდეგ ბრძოლა ოპოზიციის მხრიდან“, - წერს შოთა დიღმელაშვილი.