ყოვლადუწმინდეს პატრიარქ ბართლომეოსის ლოცვა-კურთხევით, სტამბოლში იმყოფებოდა და 2023 წლის 25 მაისს უფლის ამაღლების დღესასწაულის საღმრთო ლიტურგიას, როგორც მსოფლიო საპატრიარქოს საპატიო სტუმარი, დაესწრო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე. მსახურება ადრიანოპოლის (ედირნეკაფის) ქართული სამრევლოს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გაიმართა (წინამძღვარი: მსოფლიო საპატრიარქოს საყდრის არქიმანდრიტი ილია ჯინჯოლავა).
როგორც საპატიო სტუმარი, მისმა უწმიდესობამ, ბატონი ზურაბი, ლიტურგიისას, მის გვერდით, მაღალი სახელმწიფო პირებისათვის განკუთვნილ ტახტზე დასვა.
ლიტურგიის დასასრულს, სსუ რექტორმა სიტყვით მიმართა მის ყოვლადუწმინდესობას, რომელშიც ხაზი გაუსვა მსოფლიო პატრიარქის მნიშვნელოვან როლსა და ძმურ მხარდაჭერას საქართველოს ეკლესიისადმი, ილია II-სა და ბართლომეოს I-ის მეგობრობას, მათ საერთო ძალისხმევას საერთაშორისო ასპარეზზე მშვიდობის უზრუნველყოფისა და ქრისტიანული ფასეულობების განმტკიცებაში.
ბატონმა ზურაბმა მართლმადიდებლური სამყაროს უპირატეს პირველიერარქს არქიდიაკონ იოანე ხრისავგისის ქართულად თარგმნილი მონოგრაფია „ბართლომეოსი – მოციქული და წინასწარმხედველი“ გადასცა. აღსანიშნავია, რომ ამ კვლევის თარგმნა სსუ-ის რექტორის ინიციატივითა და მხარდაჭერით საქართველოში განხორციელდა.
ყოვლადუწმინდესმა ბართლომეოსმა ქრისტე მაცხოვრის ამაღლების დღესასწაული მიულოცა და მადლობა გადაუხადა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს სტუმრობისა და ამ მნიშვნელოვანი საჩუქრისათვის. აღინიშნა, რომ მისთვის დიდი პატივია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორობა, რაც, ასევე, ბატონი ზურაბის ინიციატივა გახლდათ. მსოფლიო პატრიარქმა სსუ-ის რექტორს სთხოვა ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადაეცა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთმპყრობლის, მისი სულიერი ძმის ილია II-სადმი, რომელიც „ქართველი ერის გამაერთიანებელი სულიერი ლიდერია“, ხაზგასმით აღნიშნა მისმა ყოვლადუწმინდესობამ.
სტამბოლში გამართულ ამაღლების საღვთო ლიტურგიას ესწრებოდნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში, ბატონი გიორგი ჯანჯღავა, საქართველოს გენერალური კონსული სტამბოლში, ბატონი ზაზა ნადირაძე, საქართველოდან ჩასული სტუმრები, ადგილობრივი ქართული დიასპორისა და ემიგრაციის წარმომადგენლები.
აღსანიშნავია, რომ სსუ ქართულ უნივერსიტეტებში უპირველესია, რომელიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ავტოკეფალური ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი – წმინდა გიორგის ოქროს ორდენით დააჯილდოვა. ამით ხაზი გაესვა ჩვენი უმაღლესი სასწავლებლის განსაკუთრებულ ეროვნულ მნიშვნელობას და მის ერთგულებას საკაცობრიო ღირებულებებისადმი, რასაც სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოველდღიურად ადასტურებს.