„ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების პროცესს, რომელთა შორის უდიდესი ნაწილი სწორედ გარემოს დაცვას ეთმობა“, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ გარემო-ს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით განაცხადა.
„გაერო-ს გენერალური ასამბლეა უკვე 5 ათეულ წელზე მეტია გვახსენებს, ახსენებს მსოფლიოს თითოეულ მოქალაქეს, რომ გარემოს დაცვასა და შენარჩუნებაში თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს; ამ პასუხისმგებლობის გაცნობიერებით, შესაძლებელია მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ბუნების, ბუნებრივი რესურსების დაცვა და შენარჩუნება, რაც უზრუნველყოფს ჩვენი და ჩვენი მომავალი თაობების უსაფრთხო და ჯანსაღ გარემოში ცხოვრებას.
საქართველოს მთავრობის, მათ შორის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პოლიტიკა, სამოქმედო გეგმა, ყველა პროექტი, პროგრამა და აქტივობა მიმართულია ჩვენი ქვეყნის განვითარებისკენ. ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების პროცესს, რომელთა შორის უდიდესი ნაწილი სწორედ გარემოს დაცვას ეთმობა. ჩვენ ვმუშაობთ როგორც საკანონმდებლო დაახლოების, ასევე ინსტიტუციური გაძლიერებისა და ცნობიერების ამაღლების მიმართულებებით; ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ვნერგავთ მდგრადი განვითარების პრინციპებს და ვემზადებით ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი და ღირსეული წევრობისთვის“, - განაცხადა შამუგიამ.